კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა, მისი შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებას მტკიცებულებები წარუდგინა.
ჩარკვიანმა გამოძიებას ფოტოსურათები წარუდგინა, რომელიც ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე არის გადაღებული.
მისი თქმით, ფოტოსურათებზე ჩანს, რომ მის შვილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.
გაიოზ ჩარკვიანის შეფასებით, საქმეში კომპეტენტური გამომძიებლები არიან ჩართული და მას გამოძიებასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს.
„გამომძიებელს წარვუდგინე მაშინ გადაღებული ფოტოსურათები, როდესაც ჩემი შვილი აპარატზე იყო შეერთებული. ფოტოსურათები გადაღებულია ჩემი მეუღლის მიერ სექტემბერში, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, სადაც ჩანს, რომ მას აღენიშნებოდა დაზიანებები და აქედან გამომდინარე ეს ფოტომასალა წარვუდგინე გამოძიებას.
დაილუქა ეს ფოტომასალა და უახლოეს მომავალში ჩატარდება ექსპერტიზა, თუ რა სახის დაზიანებებია აღბეჭდილი ფოტოსურათზე. ამ ეტაპზე გამოძიებასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ეჭვის საფუძველიც არ მაქვს, რომლის შესაბამისად, შესაძლებელია უნდობლობა გამოვუცხადო გამოძიებას. კომპეტენტური გამომძიებლები არიან ჩართული აღნიშნულ საქმეში. იმედი მაქვს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება დადგება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტოშიც მიმდინარეობს შესწავლა და ასევე, დანიშნულია ექსპერტიზები. ვართ მოლოდინის რეჟიმში“, – განუცხადა გაიოზ ჩარკვიანმა „ინტერპრესნიუსს“.
ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი, ვახტანგ ჩარკვიანი 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.