კორონავირუსით ინფიცირებულთა მართვის პროცესში სამედიცინო ფაკულტეტების გადამზადებული უფროსკურსელები სხვადასხვა ფორმით უკვე ჩართული არიან და მათ მოხალისე ექიმებიც ემატებიან. ამის შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ისაუბრა.
სხდომაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ მოხალისე სტუდენტების მხრიდან ინტერესი ძალიან მაღალია. ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, მოხალისეთა ბაზა იქმნება, რომელიც როგორც გადამზადებულ სტუდენტებს, ასევე პენსიონერ ექიმებს აერთიანებს.
საბჭოს წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია, მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია მოხდეს.
”იმისათვის, რომ არ გადაიტვირთოს ჯანდაცვის სისტემა, მსუბუქი შემთხვევების მქონე პაციენტებმა ბინაზე უნდა იმკურნალონ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ გადავარჩინოთ საზოგადოება და ვირუსს გავუმკლავდეთ”.
აღსანიშნავია, რომ 6 ნოემბრიდან, არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, დედაქალაქის მერია თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს.
ამ ეტაპზე, აღნიშნული ღონისძიებები “ვარკეთილის”, “ახმეტელის თეატრის”, “დიდუბისა” და “სადგურის მოედნის” მეტროსადგურებზე განხორციელდება.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 51 993 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 37 019 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 423 ადამიანი.