ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 712 ფაქტი გამოვლინდა.
მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით ახორციელებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 88 ფიზიკური პირი. მათ შორის არიან
მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 624 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.