კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, ცოტა ხნის წინ, “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
კუჭავამ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის შორს არ მიდის და თავის გუნდთან რჩება:
“მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება, დაახლოებით, თვე არის უკვე, რა თქმა უნდა, გვქონდა ამ საკითხზე საუბარი.
მე შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც ირაკლიმ ახსენა, თუმცა, დეტალებზე აქ არ ვისაუბრებთ, რადგან მომავალ თქვენ გაიგებთ უფრო მეტ დეტალს ამ პროექტის მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ. ეს რა თქმა უნდა, დამატებით ახსნის ყველა იმ მიზეზს, რომელიც დღეს არ შეგვიძლია ბოლომდე ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით.
ყოველთვის ვამბობდი და იმავეს გავიმეორებ, პარლამენტი არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება. არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. მე შევეცადე ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე, ვთვლი, რომ დიდწილად შევძელი ამის გაკეთება.
მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს მათი პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც ყოველ დღე ახორციელებენ პარლამენტში. რა თქმა უნდა, მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, ლიდერშიპს ირაკლი კობახიძეს პირადად და მთლიანად გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ეს ტვირთი მეტარებინა. ბევრი ძალიან საინტერესო ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი ძალიან წარმატებით დაასრულებს და ბევრ სიახლესაც შემოგთავაზებთ. ის ჩემი კოლეგაა, ჩემი მეგობარია. მინდა წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებით მთლიანად იზეიმებს გუნდი და საქართველოც.” -აღნიშნა კუჭავამ.
https://fortuna.ge/fortuna/post/kuchavas-parlamentis-tavmjdomaris-postze-shalva-papuashvili-shecvlis