კვიპროსის ქალაქ პაფოსში მდებარე წმინდა ნეოფიტოსის მონასტერში XII საუკუნის ბერის სენაკის ციფრული ასლი შექმნეს. ახლა ვიზიტორებს შეუძლიათ უძველესი გამოქვაბული ვირტუალური რეალობის ფორმატში დაათვალიერონ.
პროექტი ევროპული ინიციატივის – EUreka3D-XR-ის ნაწილია, რომელიც კვიპროსის, საფრანგეთის, ესპანეთისა და შვეიცარიის სპეციალისტებს აერთიანებს.
მკვლევრებმა სენაკი მაღალი სიზუსტის სკანერებით გადაიღეს, ასევე გააციფრულეს მონასტრის მუზეუმში დაცული ექსპონატები, საარქივო დოკუმენტები და იშვიათი წიგნები. შედეგად შეიქმნა ერთიანი ციფრული სივრცე, რომელიც რეალური გამოქვაბულის ყველა დეტალს – უსწორმასწორო კედლებს, ძველ წარწერებსა და XII საუკუნის ფრესკებს ზუსტად იმეორებს.

ტექნოლოგია არა მხოლოდ ისტორიული ძეგლის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას ემსახურება, არამედ მის დაცვასაც. 3D ასლის დახმარებით სპეციალისტები ფრესკებზე მცირე ცვლილებებსაც კი ამჩნევენ და დროულად იღებენ შესაბამის ზომებს.
პროექტის მთავარი ნაწილი წმინდა ბერის ციფრული პერსონაჟია. ის უბრალოდ სტატიკური გამოსახულება არ არის – ფრესკიდან „გამოდის“, მოძრაობს, თავს აბრუნებს, საუბრობს და ვიზიტორების კითხვებსაც პასუხობს. პერსონაჟი 1183 წელს, სიცოცხლეშივე დამზადებულ პორტრეტზე დაყრდნობით შექმნეს, ხოლო დიალოგისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს იყენებენ.

ვირტუალური ან დამატებული რეალობის სათვალის მეშვეობით მომხმარებელი ეკრანზე კითხვას ირჩევს და პასუხს რეალურ დროში იღებს.
პროექტს ონლაინ ვერსიაც აქვს, ამიტომ ნებისმიერი ადამიანი შეძლებს ვებგვერდიდან კომპიუტერის ან VR სათვალის დახმარებით მონასტრის უძველეს სენაკში „მოხვედრას“.