აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, Waymo-ს სრულად ავტონომიური ტაქსები ადამიან მძღოლებთან შედარებით გაცილებით იშვიათად ხვდებიან ავარიებში. რამდენიმე წლის განმავლობაში რობოტაქსების მონაწილეობით დაფიქსირებული საგზაო შემთხვევების რაოდენობა 68%-ით ნაკლები იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ავტომობილების შემთხვევაში.
კვლევა ჩაატარა საგზაო უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტმა (IIHS), რომელმაც 2021-2024 წლებში Waymo-ს ავტომობილების მუშაობის სტატისტიკა შეისწავლა. ანალიზში შევიდა 80 მილიონ კილომეტრზე მეტი მანძილი, რომელიც უპილოტო ტაქსებმა სრულად ავტონომიურ რეჟიმში გაიარეს ოთხ ქალაქში: ფინიქსში, სან-ფრანცისკოში, ლოს-ანჯელესსა და ოსტინში.
მიღებული მონაცემები შეადარეს იმავე ქალაქებში ადამიანი მძღოლების მიერ გავლილ დაახლოებით 360 მილიარდ მილს.

კვლევის შედეგებით, Waymo-ს რობოტაქსებს:
- 81%-ით ნაკლები ფატალური ავარიები აქვთ;
- 85%-ით ნაკლები იყო ერთ ავტომობილთან დაკავშირებული ავარიები;
- სხვა ავტომობილთან შეჯახების ალბათობა 91%-ით დაბალი აღმოჩნდა;
- ხოლო იმის შანსი, რომ სხვა ავტომობილი დაეჯახა Waymo-ს მანქანას, 40%-ით შემცირდა.

თუმცა შედეგები ყველა ქალაქში ერთნაირი არ ყოფილა. ფინიქსში Waymo-ს ავტომობილები ადამიან მძღოლებთან შედარებით 76%-ით ნაკლებ ავარიაში მოხვდნენ, ლოს-ანჯელესში – 71%-ით ნაკლებ, ხოლო სან-ფრანცისკოში სხვაობა 35% იყო.
გამონაკლისი აღმოჩნდა ოსტინი, სადაც რობოტაქსების ავარიების მაჩვენებელი ადამიან მძღოლებთან შედარებით 4%-ით მაღალი აღმოჩნდა. თუმცა მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ამ ქალაქში მონაცემების რაოდენობა შედარებით მცირეა და საბოლოო დასკვნისთვის დამატებითი დაკვირვებაა საჭირო.
კვლევის ავტორების თქმით, მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ სწორად განვითარებულ ავტონომიურ სისტემებს მომავალში შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეთ საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.