LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა ღოღობერიძის დედა საქართველოში პირველი ქალი რეჟისორი იყო – რატომ გადაასახლეს 10 წლით

925
lNgogoberidze2021

პირველი რეჟისორი ქალი საქართველოსა და საბჭოთა კავშირში ნუცა ღოღობერიძე გახლდათ. მისი ქალიშვილობის გვარი ხუციშვილი იყო და ის 1902 წლის 25 ოქტომბერს სოფელ კახში დაიბადა. 1917 წელს, საინგილოში არეულობის დაწყების შემდეგ მისი ოჯახი კახეთში გადასახლდა. მამა განსაკუთრებულად ზრუნავდა ქალიშვილების განათლებაზე. ექვსივე ქალიშვილმა უმაღლესი განათლება მიიღო, მათ შორის გახლდათ ნუცაც, რომელმაც ჯერ წარჩინებით დაასრულა თბილისის გიმნაზია, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა. ფლობდა რუსულ გერმანულ და ფრანგულ ენებს. მოგვიანებით, ცოდნის გასაღრმავებლად გერმანიაში გაემგზავრა.

იენის უნივესრიტეტიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაიცნო თავისი ცხოვრების მთავარი სიყვარული, ლევან ღოღობერიძე. მიუხედავად იმისა, რომ ნუცას ძმა ამ ურთიერთობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, წყვილი მაინც დაქორწინდა. ლევანს ბოლშევიკური იდეები ჰქონდა, რასაც ნუცა არ ეთანხმებოდა. საბოლოოდ, ბევრმა განსხვავებულმა შეხედულებამ მათი გზები გაყარა.

25 წლის ასაკში ნუცა ღოღობერიძე გახდა პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში და მხატვრული ფილმების დამდგმელი პირველი ქალი საბჭოთა კავშირში. სულ სამი ფილმის გადაღება მოასწრო. პირველი დოკუმენტური ფილმი მან გადაიღო მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად, სახელწოდებით „მათი სამეფო“, რომელშიც გამოყენებული იყო იმდროინდელი ნოვატორული „კონტრასტული მონტაჟის“ სტილი. ნუცას მეორე ფილმი იყო „ბუბა“, რომლის დამდგმელი მხატვარი დავით კაკაბაძე გახლდათ.

1932–33 წლებში, ნუცა ღოღბერიძემ გადაიღო თავისი მესამე და უკაბასკნელი მხატვრული ფილმი „უჟმური“, რომელიც დიდ ცენზურას დაექვემდებარა, თუმცა საბოლოოდ 1934 წელს მაინც გამოვიდა კინოეკრანებზე.

ეს იყო პირველი ქართული და იმავდროულად, პირველი საბჭოთა მხატვრული ფილმი, გადაღებული ქალი რეჟისორის მიერ.

30-იანი წლების შუა ხანებიდან, იწყება ნუცას შევიწროვება ქმრის, ცნობილი საბჭოთა პარტმუშაკის, ლევან ღოღობერიძის ფაქტორის გამო, რომელიც 1937 წლის 21 მარტს დახვრიტეს, რადგან იგი ბერიას მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო. ნუცა კინოდან გააძევეს და მეგობრებმაც მიატოვეს.

1936 წელს, როდესაც ნუცა უმუშევარი და ყოვლად უსახსროდ იყო, გერონტი ქიქოძემ, შარლ პეროს ზღაპრების თარგმანზე დაუდო ხელშეკრულება გამომცემლობას, ტექსტი კი ნუცა ღოღობერიძეს ათარგმნინა და ჰონორარიც მას გადასცა. წიგნი, გერონტი ქიქოძის სახელით გამოიცა, თუმცა, მისი ასეთი საქციელი მაშინ გმირობის ტოლფასი იყო.

დაპატიმრებულმა ლევანმა ციხიდან მისწერა ნუცას, დაეწერა, რომ დაშორებული იყო მასთან და დაჭერას გადარჩებოდა, მაგრამ ნუცამ ასეთი საქციელი სულმდაბლობად მიიჩნია. ნუცა ღოღობერიძე, 1937 წლის მიწურულს დააპატიმრეს და 10 წლით გადაასახლეს.

საქართველოში დაბრუნებულ ნუცას აღარ უცდია კინოში მუშაობის გაგრძელება. დაიწყო ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მუშაობა და რამდენიმე წელიწადში სამ აკადემიკოსთან ერთად, არნოლდ ჩიქობავას ინიციტივით, განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის ერთ-ერთი შემდგენელი გახდა.

ნუცა ღოღობერიძე არაა მოხსენიებული არც ქართულ საბჭოთა ენციკოპედიაში და არც რომელიმე სხვა ცნობარში, გარდა ქართული კინოს ფილმოგრაფიებისა.

2011 წელს, გამომცემლობა „ინტელექტი“-მ გამოსცა ნუცა ღოღობერიძის მოთხრობების კრებული „ბედნიერების მატარებელი“, რომელსაც დართული აქვს რეჟისორის ქალიშვილის, ლანა ღოღობერიძის წინათქმა. ნუცა ღოღობერიძის შვილიშვილია ქართველი რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები