LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის გამყარების პარალელურად შემცირდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთი

78

2016 წლის 21 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. ბოლო ვაჭრობის შედეგად კი ლარი ისევ გამყარდა და 1 დოლარის ღირებულება 2.2317 ლარი გახდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე ვარაუდობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული დადებითი ტენდენცია ზაფხულის ბოლომდე შენარჩუნდება. როგორც ”ფორტუნას” კეპულაძემ განუცხადა, ამ დროისთვის, სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესებულია, ლარის მიწოდება კი შემცირებული, ვალუტის კურსის გამყარებაც სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა.

”ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ეს არ იყოს ნახტომისებური  გამყარება და, პარალელურად, შეავსოს რეზერვი. მათ კონკრეტული სავალუტო ოპერაციების, სავალუტო შემოდინებების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ. ამიტომ ისინი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებენ და ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ხაზინა, დაახლოებით, 35 მილიონი დოლარით შეივსო. მიუხედავად ამისა, ლარის გამყარების ტენდენცია მაინც გრძელდება. ვფიქრობ, ზაფხულის ჩათვლით, ასეც გაგრძელდება, რადგან ყველაზე დიდი შემოდინება ტურისტული ნაკადებიდან არის მოსალოდნელი, რაც თავისთავად ვალუტის კურსზეც აისახება. სხვა მხრივ, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორებული არ არის – არც ექსპორტია დიდად გაუმჯობესებული, არც გზავნილებშია მატება”, – განმარტავს ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე.

კეპულაძეს უახლოეს დღეებში რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინიც აქვს და ვარაუდობს, რომ დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეროვნულ ბანკს ამის შესაძლებლობა ექნება.

”მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი მყარდება, ეკონომიკაში გაცილებით ნაკლები თანხა მოძრაობს. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდისთვის, ვფიქრობ, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება საჭიროა. მით უმეტეს, რომ ვალუტის კურსის გამყარების ფონზე, ინფლაცია მიზნობრივზე შედარებით ნაკლები იქნება და, სავარაუდოდ, ეროვნულ ბანკს ექნება იმის საშუალება, რომ რეფინანსირების განაკვეთი 8%-დან ცოტა ქვემოთ დაწიოს. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება ძალიან დიდი ნახტომი”, – აცხადებს კეპულაძე.

ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის სხდომა 27 აპრილს გაიმართება. სწორედ ამ სხდომაზე გადაწყდება, შემცირდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთი.

 

magti 5g