ეროვნული ბანკი ყველა ზომას მიიღებს იმასთან დაკავშირებით, რომ ფასების ზრდა მაღალი არ იყოს, მაგრამ თუ გადავხედავთ მეზობელ ქვეყნებსაც, თითქმის ყველა ქვეყანაში შეინიშნება ფასების ზრდა , – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კობა გვენეტაძემ იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც ლარის კურსზე და ინფლაციაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
„კურსთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია და კურსთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. რაც შეეხება ინფლაციას, მოგეხსენებათ, არა მარტო ჩვენ, არამედ მთლიანად მსოფლიო კოვიდპანდემიის გავლენის ქვეშ ვიმყოფებით და ძალიან დიდია ამ შემთხვევაში გაურკვევლობის ფაქტორი. ძალიან ხშირად იცვლება სიტუაცია. დღეს, რაც მოქმედებს საქართველოში ლარის გაცვლით კურსზე, ეს არის ძალიან დიდი თანხა, რომელიც დავკარგეთ ტურიზმის შემოსავლებიდან. ამავე დროს, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ 2019 წელსაც გვქონდა შოკი. მხოლოდ საქართველოს ჰქონდა ეს შოკი ფრენების აკრძალვის გამო და ამან გაცვლით კურსზე იმოქმედა და შემდეგ ინფლაციაზე აისახა. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორში (თურქეთში) მოხდა ძალიან დიდი გაუფასურება, რაც ასევე გავლენას ახდენს კურსთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ ეროვნული ბანკი ყველა ზომას მიიღებს იმასთან დაკავშირებით, რომ ფასების ზრდა მაღალი არ იყოს.
