აშშ-ის ქალაქ ატლანტიდან ჩასულმა ტურისტმა ლას-ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში სულ რამდენიმე წუთში 10 მილიონი დოლარი მოიგო. ამის შესახებ კაზინო Westgate Las Vegas Resort & Casino სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს.
შემთხვევა 16 ივნისს მოხდა. მამაკაცი კაზინოში დილით შევიდა და სათამაშო აპარატზე მხოლოდ 5 დოლარის ფსონი დადო. დაახლოებით სამი წუთის შემდეგ მან ჯეკპოტი მოხსნა და 10 მილიონ დოლარზე მეტი მოიგო.
გამარჯვებულმა მოგება კაზინოს თანამშრომლებთან და სხვა სტუმრებთან ერთად აღნიშნა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯეკპოტია, რომელიც აღნიშნულ კაზინოში ოდესმე გათამაშებულა.

კაზინოს პრეზიდენტის თქმით, ლას-ვეგასი სწორედ ასეთი დაუვიწყარი ისტორიებით არის ცნობილი და ძნელია წარმოიდგინო უფრო შთამბეჭდავი მომენტი, ვიდრე 5 დოლარის 10 მილიონ დოლარად ქცევა.
მიუხედავად ასეთი იშვიათი წარმატებისა, სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ მსგავსი მოგებები უკიდურესად იშვიათია და აზარტული თამაშები მნიშვნელოვან ფინანსურ რისკებთან არის დაკავშირებული.