ლაშა ღლონტი საახალწლო სურვილის შესახებ: „შეიძლება, არ ვიყო მილიონერი და ყველაფრით უზრუნველყოფილი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ…“

794
ლაშა-ღლონტი

„ალილოს“ წევრი, ქართული სიმღერის საუკეთესო შემსრულებელი, ლაშა ღლონტი fortuna.ge-ს საახალწლო ტრადიციების, სურვილის და ოჯახური ბედნიერების შესახებ ესაუბრება.

როგორია თქვენი საახალწლო ტრადიციები? ვიცი, რომ ტრადიციული ადამიანი ხართ…

ტრადიციული ადამიანი ნამდვილად ვარ, მაგრამ საახალწლო ტრადიციებს ვერ ვიცავ – მიზეზი ისაა, რომ 20 წელია, ახალ წელს სახლში ვერ ვხვდები. ვერც ახლა ვერ შევხვდები. 31 დეკემბერს „რესპუბლიკაში“ გვაქვს კონცერტი, დათო გომართელთან ერთად. ყველა ბილეთი გაყიდულია.

ერთი ტრადიცია მაქვს – სახლში მფერხავი მე ვარ.

მფერხავი?

დიახ. მე გურული ვარ და გურიაში მეკვლეს მფერხავს ეძახიან.

რა კარგი სიტყვაა… კარგი ფეხი გქონიათ… 

კი, მაგარი ფეხი მაქვს ძალიან.

სხვებიც ხომ არ გეპატიჟებიან?

მეპატიჟებიან, მაგრამ არ მცალია (იღიმის).

ბავშვობაში გქონდათ რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია, რაც დღემდე შემოგრჩათ?

ძალიან მიყვარდა გურიაში, სოფელში ახალი წლის შეხვედრა, რადგან იქ სხვა სითბო და ურთიერთობებია, განსაკუთრებით, თოვლი თუ არის, ულამაზესია, მეზობლები გადადიან ერთმანეთში.

რომელიმე ახალი წელი დაგამახსოვრდათ?

გურიაში მეზობელმა ისროლა ასაფეთქებელი, რომელიც მონადირე ძაღლმა, სანამ აფეთქდებოდა, უკან მოიტანა. იქვე აფეთქდა. კიდევ კარგი, არავინ დაზარალდა (იცინის).

ტრადიციებზე ვსაუბრობდით…

ჩვენი მუსიკალური ტრადიციაა, რომ ახალ წელს მრავალჟამიერით იხსნება. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, ვიდეოჩანაწერი გადიოდა ეთერში, მრავალჟამიერით ვხსნიდით ახალი წელს და ამ დროს სცენაზე ვიდექით და იქაც მრავალჟამიერს ვასრულებდით (იცინის). ზოგადად, ჩემთვის შობა-ახალი წელი და აღდგომა ყველაზე საყვარელი დღესასწაულებია.

მეუღლე არ დაგყავთ ხოლმე კონცერტებზე?

ზოგჯერ კი, ზოგჯერ – ვერა. სახლშიც ხომ სამზადისია. მხოლოდ მეუღლე ხომ არ არის, ოჯახის სხვა წევრებიც არიან. ერთიანდებიან და მთელი ოჯახი ელოდება, როდის მივალ.

საახალწლო კერძებიდან რა გიყვართ ყველაზე მეტად? 

მეორე დღის საცივი. თვითონ ახალი წლის სუფრას რაც შეეხება, იმ დღეს არაფერი განსაკუთრებით. თუ გოზინაყს მომიჭრიან მანამდე, კარგია. როცა საცივი მეორე დღეს შესქელდება, ეს მიყვარს ყველაზე მეტად.

ოჯახზე მინდა გკითხოთ – თქვენს ქალიშვილს რომ უყურებდით, სცენაზე რომ მღეროდა, მთელი ემოციები და სიამაყე სახეზე გეწერათ. „მიმღერეში“ ქალიშვილთან და სიძესთან ერთად მონაწილეობა როგორი იყო?

სხვათა შორის, ჩემი ქალიშვილი ბავშვობიდან ძალიან კარგად მღეროდა. სამწუხაროდ, არ გაჰყვა სიმღერას და გული დამწყდა. თუ მოახერხებს ახლა, სურვილიც აქვს. მეუღლეც კარგად მღერის. მგონი, შედგა მათი დუეტი. უხდებიან ერთმანეთს ვოკალურადაც და გარეგნულადაც და მგონი, რაღაც გამოვა.

მკაცრი ხართ?

სიმღერაში ძალიან, ყველას მიმართ. მიმაჩნია, რომ როცა ადამიანი ქართულ სიმღერას ემსახურები, კომპრომისზე არ უნდა წახვიდე. როცა ხალხს უყვარხარ და მიიჩნევს, რომ ქალაქური სიმღერის ერთ-ერთი წარმომადგენელი ხარ, ბევრი რამის უფლება არ გაქვს… შვილის მიმართ განსაკუთრებით მკაცრი ვარ, ის ყოველთვის კრიტიკის ქარცეცხლში უნდა იყოს.

იმიტომაც არ გაჰყვა სიმღერას… 

შეიძლება, მე დავაკომპლექსე…

სიძის მიმართაც ასეთი მკაცრი ხართ?

(იღიმის) სიძის მიმართ ნაკლებად… მგონი, ჩვენს ურთიერთობაში ყველაფერი კარგად მიდის…

რას ისურვებდით ახალ წელს?

იმდენად ბედნიერი ადამიანი ვარ… შეიძლება, არ ვიყო მილიონერი და ყველაფრით უზრუნველყოფილი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ – მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, შვილი, შვილიშვილები, სიძე, და, დისშვილები, მეგობრები. ღმერთის მადლობელი ვარ, რადგან სიმღერის ნიჭი მაქვს… ერთადერთი, რასაც ვისურვებდი, საქართველოს გაერთიანებაა. მინდა, ბედნიერ საქართველოში ვიცხოვროთ. ქართული სიმღერა საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია…

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

მსგავსი თემები