LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Last Christmas – ერთ საათში შექმნილი არასადღესასწაულო სიმღერა, რომელიც საშობაო კლასიკად იქცა – საკულტო ჰიტის შექმნიდან 40 წელი გავიდა – საინტერესო ფაქტები

2314
www.fortunaplus.ge (1)

3 დეკემბერს, ინგლისური პოპ დუოს – Wham! სიმღერის – Last Christmas რელიზიდან, 40 წელი გავიდა.

კომპოზიცია გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე, 1984 წლის აგვისტოში ჩაიწერა. მისი ავტორი დუეტის ერთ-ერთი წევრი, ჯორჯ მაიკლია. მან სიმღერა იმავე წლის თებერვალში, დამოუკიდებლად დაწერა. მაშინ ის, 21 წლის იყო.

ტანდემის მეორე წევრი, ენდრიუ რიჯლი იხსენებს, რომ მაიკლის მშობლიურ სახლში სტუმრობისას, ჯორჯი საკუთარ ოთახში განმარტოვდა, საიდანაც ერთ საათში, ბედნიერი ღიმილით გამოვიდა.

,,ისეთი აღელვებული იყო, თითქოს განძი იპოვა” – ამბობს რიჯლი, რომელიც არ შემცდარა. მაიკლმა უდავოდ მიაგნო უძვირფასეს საგანძურს, რომელიც მას შემდეგ ყოველი შობა-ახალი წლის განუყოფელ ფონად იქცა.

Last Christmas Wham!-ის მესამე და უკანასკნელ სტუდიურ ალბომში – Music from the Edge of Heaven შევიდა და პოპ-მუსიკის ისტორიაში ნამდვილ გადატრიალებად იქცა. დღეს სიმღერა, სადღესასწაულო კლასიკად ითვლება.

საგულისხმოა, რომ კომპოზიციას ძალიან ცოტა აქვს საერთო შობასთან. ის წარუმატებელ ურთიერთობას და ერთი წლის შემდეგ, მასთან პირისპირ შეჯახებას ეხება. შობა მხოლოდ ერთადერთ ფრაზაში – Last Christmas ისმის.

გარდა იმისა, რომ მაიკლმა სიმღერა დამოუკიდებლად დაწერა, მან ის ასევე დამოუკიდებლად ჩაწერა. კომპოზიცია ლონდონში, Advision Studios-ში ჩაიწერა. ცხელი ზაფხულის მიუხედავად, ჯორჯმა სტუდიაში ნამდვილი საახალწლო განწყობა შექმნა და ოთახი გირლანდებითა და ნაძვის ხის სათამაშოებით მორთო.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ სიმღერის საშობაო კლიპის გადაღების იდეაც, ჯორჯ მაიკლს ეკუთვნის.

ვიდეო, რომელშიც მაიკლი პირველად გამოჩნდა წვერის გარეშე, დუეტმა შვეიცარიის სათხილამურო კურორტ, ზას-ფეზე, 1984 წლის ნოემბერში გადაიღო. კურორტზე არჩევანი თოვლის გამო შეჩერდა, რომელიც კლიპში ყველგან ჩანს. კლიპში თემატურად, შეყვარებული წყვილის სევდიანი ისტორიაა გადმოცემული, რომელმაც გასული შობა ერთად გაატარა, შემდეგ კი, ერთმანეთს დაშორდა.

8 საშობაო ჰიტი, რომელიც ახალი წლის განწყობას გიქმნით

საოცრად თბილი, ატმოსფერული მუსიკალური რგოლი, რომელიც საშობაო ისტორიაზე შექმნილ ფილმს მოგვაგონებს, რომანტიკული სიუჟეტითა და ულამაზესი დეკორაციებით, საშობაო კლიპების ნამდვილ ეტალონად იქცა. 2019 წელს, ბევრად მკაფიო გამოსახულებითა და კაშკაშა ფერებით, ვიდეოს ახალი ვერსიაც გამოვიდა.

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საშობაო ჰიტი, რომელიც სადღესასწაულო წვეულების უცვლელი საუნდტრეკია, საკუთარი ინტერპრეტაციით უამრავმა მუსიკოსმა შეასრულა. კომპოზიციის უახლესი ქავერი ჯენ ზის სუპერვარსკვლავებს, საბრინა კარპენტერსა და ჩაპელ როანს ეკუთვნით.

ცხელ ზაფხულში დაწერილი სიმღერა Let It Snow, რომლის გარეშეც ახალი წელი წარმოუდგენელია

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დებიუტისთანავე მოპოვებული მსოფლიო პოპულარობის მიუხედავად, სიმღერამ ნაციონალურ ჩარტში პირველი ადგილი, მხოლოდ 2021 წელს დაიკავა. შედეგად, ბრიტანულ ჰიტ-აღლუმში დაწინაურებით, Last Christmas პირველი კომპოზიცია გახდა, რომელიც 37 წლის შემდეგ, ლიდერ პოზიციაზე მოექცა.

საინტერესოა, რომ აშშ-ში სიმღერა ყოველთვის ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა. მეტიც, ,,ბილბორდის ცხელ ასეულში” კომპოზიცია პირველად ჯორჯ მაიკლის სიკვდილის შემდეგ, 50-ე ადგილზე მოხვდა.

სიმღერის სახელწოდება – Last Christmas არტისტისთვის, ისევე როგორც მისი გულშემატკივრისთვის, კიდევ უფრო ტრაგიკული და ემოციური ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა. ლეგენდარული ავტორ-შემსრულებელი 2016 წლის 25 დეკემბერს, სწორედ შობის დღესასწაულზე გარდაიცვალა.

ცნობისთვის, 2019 წელს, სიმღერის – Last Christmas შთაგონებით გამოვიდა ამავე სახელწოდების მელოდრამა ემილია კლარკის მონაწილეობით, რომელიც მუსიკალურად Wham!-ისა და ჯორჯ მაიკლის სოლო კარიერის გამორჩეული ნამუშევრებით გაფორმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები