LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელო“ საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

69
სალომე სამადაშვილი

პარტია „ლელო“ საუბრობს ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტში დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, საგამოძიებო კომისიის ამოცანა იქნება სიმართლის დადგენა და რეაგირება საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე.

სამადაშვილის თქმით, „ლელო“ სხვა საპარლამენტო ფრაქციებთან საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კონსულტაციებს დღესვე დაიწყებს, რათა პარლამენტის წევრების ხელმოწერების საჭირო რაოდენობა შეგროვდეს.

„10 სექტემბერს დამოუკიდებელ ტელევიზია „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, მათ შორის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლების სისტემატური თანამშრომლობის შესახებ. ჟურნალისტური გამოძიების მასალებიდან დგინდება, რომ აღნიშნული თანამშრომლობის მიზნები, სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კანონმდებლობას და სახელმწიფო ინტერესებს, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. კერძოდ, იკვეთება თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი რამდენიმე სავარაუდო დანაშაული, როგორიცაა ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკებების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და სხვა.

შეგახსენებთ ფაქტებს, ჟურნალისტებისათვის სუსის ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი და სუსის ყოფილი ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური, ფარულად ჩავიდა რუსეთის ტერიტორიაზე შეხვედრაზე და შემდგომ უმასპინძლა რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მაღალი თანამდებობის პირებს თბილისში. თანამშრომლობის მიზანს, მოწმეთა ინფორმაციით, წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალული ტვირთების გატარება, რუსეთის დაკვეთით, კონკრეტული რუსეთის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება და მათი ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობა, რუსეთის მმართველი რეჟიმისათვის არასასურველი პირების საქმიანობაზე კონტროლი და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობა.

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ გამოძიებაში გაჟღერებული ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის გადაუდებელი აუცილებლობას წარმოადგენს. შესაბამისად, “ლელო” გამოდის ინიციატივით, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომლის ამოცანა იქნება შეისწავლოს ჟურნალისტურ გამოძიებაში გახმაურებული ფაქტები.

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, სავარაუდო დანაშაულის შესახებ, გამოძიების დაწყების საფუძველია, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ამ საქმეზე გამოძიების დაწყება, ნაკლებ სავარაუდოა. გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ობიექტურობის მოლოდინი კი, ფუჭია“, – განაცხადა სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g