მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, დღეს გაიმართება ღონისძიება, სადაც გულშემატკივარს ექნება საშუალება, ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადოს.
როგორც ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, ღონისძიება 22:00 საათზე დაიწყება, ყველა ფეხბურთელი სცენაზე იქნება, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.
ლევან ჟორჟოლიანმა ნაკრების ფეხბურთელებს მიღებული ემოციებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ეს იყო უპრეცედენტოდ დიდი წარმატება:
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს ამ უდიდესი დადებითი ემოციებისთვის და შესანიშნავი თამაშისთვის, რომელიც მათ ევროპის ჩემპიონატზე აჩვენეს. დებიუტანტი გუნდისთვის ეს იყო უპრეცედენტოდ დიდი წარმატება, რომელიც ისტორიაში არასდროს დაფიქსირებულა.
„მადლობა“ – საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოშია: ფეხბურთელებს აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი ოვაციებით შეეგება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფეხბურთელებს დილიდან ქომაგები ელოდებოდნენ.
შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით ვაორგანიზებთ ღონისძიებას, გულშემატკივარს საშუალება ექნება, მადლობა გადაუხადოს ფეხბურთელებს. 21:00 საათიდან გულშემატკივარს თავისუფლების მოედანზე ველოდებით, ხოლო 21:30 საათიდან, ფეხბურთელები გადაადგილებას, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან ღია ავტობუსით ჭავჭავაძის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნისკენ დაიწყებენ.
უშუალოდ ღონისძიება 22:00 საათზე დაიწყება. ყველა ფეხბურთელი იქნება სცენაზე, მათ ექნებათ საშუალება, მიმართონ გულშემატკივარს, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით, რითაც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მადლიერებას ჩვენი საამაყო ფეხბურთელების მიმართ“. – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.