LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან იოსელიანის თქმით, რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციაზე მისი ხმა “ტექნიკურად არ დაფიქსირდა”

61
BeFunky-collage (7)

“მოქალაქეების” წევრი და პარლამენტარი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, თუმცა არ დაუჭერია მხარი მისი მეოთხე შესწორებისთვის, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრადაა მოხსენიებული.

მისივე მტკიცებით, კენჭისყრის დღეს მისი ხმა, ტექნიკურად არ დაფიქსირდა, რის გამოც მეორე დღეს სესიაზე განაცხადა, რომ ჩაესწორებინათ და დაეფიქსირებინათ. დეპუტატის თქმით, მსგავსი ფორმით ხმის მიცემა ასამბლეაში მიღებული და ხშირი პრაქტიკაა.

“გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას, ბევრი ხმაური მოყვა. ამ რეზოლუციას, ცხადია მე მხარი დავუჭირე, თუმცა არ დავუჭირე მის მეოთხე შესწორებას, სადაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაა მოხსენიებული. კენჭის ყრის დღეს ჩემი ხმა, ტექნიკურად არ დაფიქსირდა, რის გამოც მეორე დღეს სესიაზე განვაცხადე რომ ჩაესწორებინათ და დაეფიქსირებინათ, ესეც ოფიციალურ ხმის მიცემად ითვლება. მსგავსი ფორმით ხმის მიცემა ასამბლეაში მიღებული და ხშირი პრაქტიკაა. ამიტომ რეზოლუციას ჩანაწერის სახით ახლავს ჩემი მხარდაჭერაც, როგორც ქვემოთა ფოტოზეა ასახული. ამ ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ PACE-ს ოფიციალურ გვერდზეც”, – აცხადებს იოსელიანი და „დროას“ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს.

პარტია „დროას“ განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას კენჭი უყარეს, კენჭისყრის პროცედურას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ დაესრწნენ.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს კენჭი უყარა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას. ხმის მიცემის პროცესს ესწრებოდა წევრი ქვეყნების 100 წარმომადგენელი, რომელთაგან მხოლოდ ერთმა შეიკავა თავი პოზიციის დაფიქსირებისგან, 99-მა კი ერთხმად გამოაცხადა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ისევე, როგორც პარტია „მოქალაქეების“ წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი აღნიშნულ კენჭისყრას არ დაესწრნენ და, შესაბამისად, არ დაუჭირეს მხარი რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას.

საქართველოდან ხმის მიცემას მხოლოდ ხატია დეკანოიძე (ენმ) დაესწრო, რომელმაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ეს დასტურდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრის არქივის მონაცემებიდან.

ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „ქართული ოცნების“ ლოიალობას პუტინის რეჟიმის მიმართ და იმას, რომ რუსეთი მათთვის ბუნებრივ პოლიტიკურ და ცივილიზაციურ სივრცეს წარმოადგენს”,- აცხადებენ პარტიაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელმაც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა.

ამავე რეზოლუციაში შესწორების სახით შევიდა დამატება, რომლითაც „ასამბლეა მოუწოდებს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისკენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტ პუტინს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში, და მათი გათავისუფლებისკენ (უკრაინის მოქალაქის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით)“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g