ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის უკრაინის ომთან დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
მაჭავარიანის განცხადებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, თავადვე აღნიშნა, რომ წინა ადმინისტრაციის და ევროპელი ლიდერების მხრიდან უსინდისობა იყო, როდესაც ისინი საზოგადოებას სამი წლის მანძილზე ატყუებდნენ, რომ ომს უკრაინა იგებდა. მან გაიხსენა დონალდ ტრამპის სიტყვებიც, რომელმაც განაცხადა, რომ ზელენსკის ომის თავიდან აცილება შეეძლო, თუმცა, ისინი „დიდმა ბიჭებმა“ შეაგულიანეს.
დონალდ ტრამპი: „ვფიქრობ, პუტინს ომის შეწყვეტა სურს – ამას ვხედავ“
„ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიის მიმართ. ბატონი რუბიოს სიტყვები მინდა მოვიშველიო, რომელმაც თქვა, რომ „ეს იყო ფაქტობრივად უნამუსობა და უსინდისობა, როდესაც 3 წლის განმავლობაში ვატყუებდით მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინა იგებდა ამ ომსო“. რა თქმა უნდა, იგი ამაში მოიაზრებდა აშშ-ის ყოფილ ადმინისტრაციას და მოიაზრებდა ევრობიუროკრატებს და ევროპელ ლიდერებს. ასევე, დონალდ ტრამპის სიტყვებიც მინდა მოვიშველიო, რომელმაც თქვა, უკრაინას ძალიან მარტივად შეეძლო ეს ომი თავიდან აეცილებინა ამის სურვილი რომ ჰქონოდაო, უბრალოდ, ბატონი ზელენსკი შეაგულიანეს ე.წ. „დიდმა ბიჭებმა“ და აქედან გამომდინარე აღმოჩნდა უკრაინა ამ ტრაგედიაში, რა ტრაგედიაშიც იმყოფება. მაგრამ, მადლობა ღმერთს, უკვე ჩვენ ვატყობთ რეალურ ნაბიჯებს, დღესაც მიმდინარეობს უკვე შეხვედრა აშშ-ის მხრიდან და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, როგორც დონალდ ტრამპის მთავარი დაპირება იყო ეს წინასაარჩევნო პერიოდში, იგი დაასრულებს ომს უკრაინაში.“ – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.