„4 ოქტომბრის გეგმებში არაფერი იცვლება – ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით და ასობით სხვა ადამიანი, რომელიც ჩაანაცვლებს ლევანს სწორედ 4 ოქტომბერს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებაში არსებული მუხტი ვერ ჩაქრება.
„4 ოქტომბრის გეგმებს რაც ეხება, არაფერი იცვლება. რეჟიმს თუ ეგონა, რომ ამით ველს მოასუფთავებდა და ლევანის იზოლირებით ჩააქრობდა იმ მუხტს და ტალღას, რომელიც იგეგმება 4 ოქტომბრისთვის და იმ ბრაზს რაღაცნაირად გაანეიტრალებდა, რაც საზოგადოებაში არსებობს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება პირიქით – ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით და ასობით სხვა ადამიანი, რომელიც ჩაანაცვლებს ლევანს სწორედ იმ დღეს, 4 ოქტომბერს, როდესაც ისინი ნახავენ ქართველი ხალხის რისხვას.
სუს-მა ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა
ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას.
უკვე ამდენი წელია, როგორც მიხეილ სააკაშვილის ეშინია ბიძინა ივანიშვილს და ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს ლევანისიც ძალიან შეეშინდა და ამ შიშის გამო სხვა გამოსავალი ვერ იპოვეს, ადამიანის იზოლირება გადაწყვიტეს. ლევანი დააკავეს აბსოლუტურად გაუგებარი, აბურდული ბრალდებით ვითომ ვიღაცას ქრთამს სთავაზობდა.
სინამდვილეში კანონის საფუძველზე საბიუჯეტო ასიგნებები გათვალისწინებული ჯილდოს და პრემიის შეთავაზება როგორ შეიძლება იყოს ქრთამი, ამაზე თქვენ თვითონ გაეცით პასუხი,“ – განაცხადა ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან.