ლიბერთის ციფრულმა გუნდმა, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებისთვის მარტივი და კომფორტული სერვისების შეთავაზებაზე როგორც საცალო, ასევე ბიზნეს მიმართულებით, ახლახან, ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული, მრავალფუნქციური ბიზნეს მობაილ ბანკი შექმნა. ბიზნეს მობაილ ბანკით ბიზნეს მომხმარებლები ნებისმიერ საბანკო მომსახურებას დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან მარტივად შეძლებენ.
დავით ესიავა, ლიბერთის საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი:
– მოხარულნი ვართ, რომ ლიბერთის ბიზნეს მიმართულებისა და ჩვენი ციფრული გუნდის წარმატებისა და ახალი პროდუქტების შესახებ საუბრის შესაძლებლობა გვეძლევა. მოგეხსენებათ, ლიბერთიში ბიზნესის მიმართულების ტრანსფორმაცია რამდენიმე წლის წინ დაიწყო და სასიამოვნოა, რომ დღეს შედეგებს ბიზნეს სექტორი და საზოგადოება წარმატებულს უწოდებს. ამ წარმატებას რამდენიმე რამ ედო საფუძვლად, თუმცა მათგან მთავარი იყო ციფრული გუნდისა და ლიბერთის მენეჯმენტის მიერ სწორად შემუშავებული, ბაზრის მოთხოვნებთან თანხვედრაში არსებული სტრატეგია, ამ სტრატეგიის აღსრულების გეგმა და რესურსები.
უნივერსალიზაციის სტრატეგიის საწყის ეტაპზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კარგად გაგვეგო, რა იყო ბიზნესის მოთხოვნა საბანკო სფეროს მიმართ. კვლევების შედეგებსა და ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით ბიზნესის სეგმენტი დავყავით ოთხ ნაწილად: მიკრო, მცირე, საშუალო და კორპორაციული ბიზნესი. გამოვყავით თითოეული ბიზნესის საჭიროებები და შევეცადეთ, ჩვენი მომსახურება და პროდუქტები მათ მოთხოვნებთან ყოფილიყო თანხვედრაში. შედეგად, დღეს უკვე ლიბერთი ბანკი საქართველოს საბანკო სივრცეში მესამე საიმედო ბანკია ბიზნეს სექტორისთვის, მაშინ, როცა ამ სეგმენტისთვის, არც ისე შორეულ წარსულში, კომერციულ ბანკებს შორის მხოლოდ მე-11 და მე-12 ადგილებზე პოზიციონირებდა. რეიტინგში დაწინაურების შემდეგ, ბუნებრივია, ბაზრის მხრიდან მოთხოვნები და მოლოდინები გაზრდილია. სწორედ მათზე საპასუხოდ შეიქმნა კიდევ ერთი ახალი პროდუქტი – ბიზნეს მობაილ ბანკი, რომელიც სიმარტივის თვალსაზრისით უნიკალური და კონკურენტულია.
რაც შეეხება ზოგადად ლიბერთის ბიზნესის მიმართულების განვითარებას, ალბათ, გახსოვთ, ჩვენი სლოგანი უნივერსალიზაციის სტრატეგიის საწყის ეტაპზე იყო „გაზარდე შენი ბიზნესი“. ჩვენ გავაგრძელებთ აღნიშნულ სლოგანზე დაყრდნობით მუშაობას და ამ პროცესში მთავარი იქნება ის მოთხოვნა, რომელიც ბიზნესს გააჩნია მთლიანად საფინანსო სექტორისადმი – ეს არის მოქნილი მომსახურება, რაც გულისხმობს სისწრაფეს, ბიზნესზე ინდივიდუალურად მორგებულ სერვისსა და პროდუქტს. როდესაც ამ პირობებს მაქსიმალურად უახლოვდება ნებისმიერი ბანკი, ბიზნესი გრძნობს, რომ იმ გარემოში იღებს მომსახურებას, სადაც მისი განვითარებისთვის აუცილებელი საბაზისო პირობებია დაკმაყოფილებული. ვფიქრობთ, უნივერსალიზაციის სტრატეგია გაგრძელდება გრძელვადიანად, ის გამრავალფეროვნდება ბიზნესის ზრდისთვის კიდევ უფრო უკეთესი გარემოს შესაქმნელად.
გიორგი სამუშია, ლიბერთის ციფრული ბანკინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
– ბიზნეს მობაილ ბანკამდე იყო ლიბერთის ინტერნეტ ბანკი, რომელიც ლიბერთის ციფრულმა გუნდმა, ლიბერთის უნივერსალურ ბანკად ჩამოყალიბების სტრატეგიის ფარგლებში, 2018 წელს შექმნა და რომლითაც ბიზნეს სექტორისთვის ხელმისაწვდომი გახდა ციფრული პროდუქტები და სერვისები. თუმცა ბიზნეს სექტორს, მსოფლიოს განვითარების ტემპის აჩქარებასთან ერთად, გაუჩნდა იმის საჭიროება, რომ მობილური მოწყობილობებიდან ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან შეძლოს საბანკო ოპერაციების განხორციელება. აქედან გამომდინარე, შარშან, ბიზნეს მობაილ ბანკზე მუშაობა დავიწყეთ, ის ლიბერთის უნიკალური დიზაინ სისტემით შევქმენით და ცოტა ხნის წინ უკვე მისი საზოგადოებისთვის წარდგენის შესაძლებლობაც მოგვეცა. ბიზნეს მობაილ ბანკი ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android ოპერაციული სისტემებისთვის.
მართალია, ბიზნეს ინტერნეტ და მობაილ ბანკი ჩვენი ციფრული ეკოსისტემის მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტებია, თუმცა არა ერთადერთი. ჩვენ ბიზნესს ასევე ვთავაზობთ: ბიზნეს ონბორდინგს, რომლითაც შესაძლებელია ბანკში ვიზიტის გარეშე ანგარიშის გახსნა, ციფრულ ბანკინგში რეგისტრაცია და საბანკო სერვისებთან მომენტალური წვდომა; ლიბერთი ფეიმენთს, რომლითაც შესაძლებელია პოსტერმინალების დისტანციურად შეკვეთა და სხვა სერვისების მიღება; Open API-ს, რომელიც კიდევ უფრო მეტ მოქნილობას სძენს ბიზნესს, დააინტეგრიროს ის საკუთარ IRP სისტემასთან და საკუთარი სისტემიდან შეძლოს ოპერაციების შესრულება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენი პროდუქტების განვითარებას და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტ სიახლეს და ინოვაციას შევთავაზებთ როგორც ბიზნეს მიმართულებას, ისე ფიზიკურ პირებს.