LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს გაკეთება კვლევის გარეშე არ შეიძლება – მამუკა სალუქვაძე

91

თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს გაკეთება კვლევის გარეშე არ შეიძლება.

მისი განცხადებით, არსებული ინფრასტრუქტურა მიწისზედა რკინიგზის ტრანსპორტისთვის დაიწუნეს, თუმცა შესაძლებელია მეტრო აქ მინიმალური ხარჯებით მოეწყოს, თუმცა კვლევის გარეშე ამის გაკეთება არ შეიძლება.

„ლილოს მიმართულებით დღეს გამოუყენებელი ინფრასტრუქტურაა, რომელიც შეიძლება მერიამ გამოიყენოს ისე, რომ ძალიან ბევრი ფინანსური საშუალებები არ დაიხარჯოს. ფაქტობრივად, ტრასა მოწყობილია, მიწის სამუშაოები გაკეთებულია. რა თქმა უნდა, ხვალ ვერ მიადგებიან, ნიჩაბს ვერ დაარტყამენ და მუშაობას ვერ დაიწყებენ. ყველა ასეთ პროექტს სჭირდება კვლევა, ამის გარეშე გაკეთება არ შეიძლება, რადგან ეს იყო გათვლილი რკინიგზის ტრანსპორტზე, ახლა საუბარია მეტროზე. ეს არის ის ტრასა, რომელიც შემოვლითი რკინიგზისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბევრმა ექსპერტმა დაიწუნა. ძალიან ბევრი პარამეტრით სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. თბილისის ზღვისკენ რომელიც მიდის ბევრი ფაქტორის გამო იქნა დაწუნებული, მათ შორის ეკოლოგიური და ტექნიკურ საკითხების გამო. ამიტომ ვფიქრობ, რომ მეტროსთვის ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება რეალურია,“ – განაცხადა სალუქვაძემ.

მამუკა სალუქვაძე აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ტრანსპორტის განვითარება თბილისის გენერალურ გეგმაშიც იყო შეთავაზებული და მერია გენ.გეგმის პირველადი ვერსიიდან საკმაოდ ბევრ პროექტს აანონსებს.

„თქვენ უკვე ხედავთ, რომ გენგეგმამ ბიძგი მისცა იმას, რომ ამბიციური პროექტების განხორციელება დაიწყოს თბილისში. გვახსოვს ჩვენ პერიოდი, როცა მახინჯი სახლების გარდა არაფერი შენდებოდა და არავითარ მსხვილ პროექტებზე საუბარი არ იყო. მით უფრო არ იყო საუბარი ისეთ პროექტებზე, რომელიც ქალაქის გამწვანებას შეუწყობდა ხელს, მწვანე ტრანსპორტის განვითარებას შეუწყობდა ხელს. მას შემდეგ, რაც გენგეგმა მიღებულია, თუმცა დამტკიცებული არ არის, საკმაოდ მსხვილი და ამბიციური პროექტების დაანონსება მიმდინარეობს თბილისის მერიის მიერ, იმ პროექტების, რომელიც გათვალისწინებული იყო მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიერ.

ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტი ჩვენ რეკომენდაციის და წინადადების სახით გვქონდა ჩადებული გენერალურ გეგმაში. რა თქმა უნდა, მეტროს გაგრძელება ბევრი მიმართულებით არის საჭირო, რადგან ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია, საკმაოდ ბევრი ადამიანი გადაჰყავს,“ – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები