ლისაბონში ექსტრემის მოყვარულებისთვის ახალი რესტორანი Dinner in the Sky გაიხსნა. მისი განსაკუთრებულობა ისაა, რომ სადილის მაგიდა მდინარე ტეჟუს თავზე, დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული. იქ მოხვედრა კი არც ისე მარტივია – საჭიროა წინასწარი ჯავშანი და გარკვეული ჯანმრთელობისა და ფიზიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება.
პროცესი ასე წარიმართება: სტუმრები ადგილზე მოდიან დაგეგმილ დროზე დაახლოებით 30 წუთით ადრე, რათა უსაფრთხოების ინსტრუქციები გაიარონ. ამის შემდეგ ისინი სპეციალური ღვედებით მაგრდებიან, ხოლო ამწე მექანიზმი 22-ადგილიან პლატფორმას ჰაერში სწევს.

სუფრის შუაგულში შეფმზარეული ადგილზე ამზადებს კერძებს. სტუმრებს შეუძლიათ არა მხოლოდ ვახშამი, არამედ პანორამული ხედებით ტკბობაც – მათი სკამები ბრუნავს. ცივი ამინდის შემთხვევაში კი პლატფორმაზე ინფრაწითელი გათბობის სისტემაც არის დამონტაჟებული.
რესტორანში მოხვედრა გარკვეულ შეზღუდვებს უკავშირდება. მაგალითად, სტუმარს არ უნდა ჰქონდეს გულის დაავადებები, მაღალი წნევა, ზურგის პრობლემები ან ძლიერი თავბრუსხვევა. ასევე არ დაიშვებიან 18 წლამდე პირები, ორსულები და ადამიანები, რომელთა სიმაღლე 130 სანტიმეტრზე ნაკლებია – უსაფრთხოების ღვედები მათზე არ არის გათვლილი.

Dinner in the Sky პროექტი პირველად ბელგიაში 2006 წელს დაიწყო და მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გავრცელდა, სადაც სტუმრებს უნიკალურ გამოცდილებას, გამორჩეულ სამზარეულოს და შთამბეჭდავ ხედებს სთავაზობს.
ორგანიზატორებმა ასევე უპასუხეს ხშირად დასმულ კითხვებს. მაგალითად, თუ სტუმარს ტუალეტში გასვლა მოუნდება, რეკომენდებულია ეს წინასწარ მოაგვაროს. თუმცა საგანგებო შემთხვევაში პლატფორმა დაბლა ჩამოვა, მაგრამ სტუმარი თავის ადგილას ვეღარ დაუბრუნდება.
თუ პროექტი წარმატებული აღმოჩნდება, მსგავსი „ცაში გამოკიდებული“ რესტორნები შესაძლოა პორტუგალიის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის პორტუში, გაიხსნას.