LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზი ქონიაძე: „გადაწყვიტა, ჩემს დაბადების დღეზე ასე გავეხარებინე – ხელი მთხოვა. მოკლედ, 3-წლიანი ნაცნობობის და 1-წლიანი შეყვარებულობის მერე, ცოლად გავყევი…“

373
ლიზი ქონიაძე

ახლახან ლიზი ქონიაძეს, რომელიც განსაკუთრებულად პოპულარული რეალითი შოუდან გახდა, დაბადების დღეზე რჩეულმა ხელი სთხოვა. ლიზი საკუთარ პირად ცხოვრებას ფართო აუდიტორიისთვის ყოველთვის ასაიდუმლოებდა. ამიტომ სოციალურ ქსელში ხელის თხოვნის ამსახველი კადრების ხილვამ ბევრი გააკვირვა… „პრაიმჰაუსის“ მონაწილე ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს თავისი ბედნიერი მომენტის შესახებ…

ლიზი ქონიაძე:

ჩემს დაბადების დღეს ყოველთვის გრანდიოზულად ვხვდები, რადგან ძალიან მიყვარს: წინასწარ ვგეგმავ, ვემზადები… წელსაც ასე მინდოდა მოვქცეულიყავი, თუმცა ჩემმა შეყვარებულმა (ახლა უკვე – მეუღლემ) მითხრა, – მოდი, ეს მე მომანდე, ყველაფერს თავად გავაკეთებო… დავთანხმდი. ვიფიქრე, რომ დაბადების დღის ზუსტად ისეთ წვეულებას მომიწყობდა, როგორიც მინდოდა – ჩემი გემოვნების შესახებ იცის… ამიტომ არ მინერვიულია, პირიქით – მთლიანად რჩეულს მივენდე. თან, ისიც იცის, ჩემი დაბადების დღე როგორ მიყვარს. მოკლედ, ყველაფერი იდეალურად გააკეთა, ამაზე კარგს ვერც ვისურვებდი. თან, თურმე, წინ სიურპრიზი მელოდა (იღიმის)… ჩემი და მისი ოჯახის ყველა წევრიც იქ იმყოფებოდა… ძალიან ბედნიერი დღე იყო!..

პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებდი. ახლა მაინც გვითხარი, შენი რომანი როდის, როგორ დაიწყო?

– დაახლოებით 3 წელია, რაც მე და გიორგი ერთმანეთს ვიცნობთ, თუმცა თავდაპირველად, ხშირი კონტაქტი არ გვქონია. 1 წელია, რაც შეყვარებულები ვართ. ერთმანეთს ყველაფრით ვეწყობით… გადაწყვიტა, რომ ჩემს დაბადების დღეზე ასე გავეხარებინე – ხელი მთხოვა. მოკლედ, 3-წლიანი ნაცნობობის და 1-წლიანი შეყვარებულობის მერე, ცოლად გავყევი (იღიმის).

როგორ მოიგო შენი გული?

ძალიან დადებითი, ყველანაირად იდეალური ადამიანია. მანამდე შეყვარებული საერთოდ არ მყოლია – ჩემი პირველი სიყვარულია. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა. ჩემთვის ეს მართლა განსაკუთრებული გრძნობაა. ყველას ძალიან უკვირდა – რა? შეგიყვარდა? ძლივსო!.. უახლოეს დაქალებს, ოჯახის წევრებსაც ასეთი რეაქცია ჰქონდათ… ჩემი რჩეულის გვერდით თავს კომფორტულად ვგრძნობ, რადგან სხვებისგან გამორჩეულია ღირსებით, მამაკაცურობით, სერიოზულობით, პატიოსნებით… განსაკუთრებულად ამიტომ მოვიხიბლე.

ვინ არის შენი რჩეული?

ჩემგან განსხვავებით, საჯაროდ გამოჩენა არ უყვარს. სოციალურ ქსელებში აქტიური არ არის – მგონი, ყველაზე მეტად ამით განვსხვავდებით, თუმცა ყველაფერში მხარს მიჭერს. მთავარია, ჩემი გემოვნებისაა, იდეალური ბიჭია და ღირსეული, კარგი ოჯახი ჰყავს. ისიც და მისი ოჯახიც ძალიან მიყვარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები