ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ლუგარის ლაბორატორია გამჭვირვალე დაწესებულებაა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს.
მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადება ახალი არ არის და მას პასუხი არაერთხელ გაეცა:
“ვხედავთ როგორი გლობალურ სიტუაციაში ვიმყოფებით. ამ ომში მხარეებს შესაბამისი საინფორმაციო პოლიტიკა აქვთ. საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა. ჩვენი ყველა ნაბიჯი აქედან გამომდინარეობს. ზოგადად, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მომატებულია უსაფრთხოების რისკები, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ოპოზიცია იმით კი არ იყოს დაკავებული, თუ როგორ აჯანჯღაროს ქვეყანა, არამედ მნიშვნელოვანია, ყველა ხელისუფლების გარშემო, მათ შორის, მთავრობის გარშემო კონსოლიდირდეს იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და სიმშვიდე”, – თქვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, აშშ-ის, უკრაინისა და საქართველოს ლაბორატორიები რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან ახლოს ახორციელებენ პროექტს, სადაც ღამურები ბიო იარაღის მატარებლად განიხილება.