დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შემთხვევათა შორის ვირუსის „დელტა“ შტამი შეფასებითი მაჩვენებლით 30-40 პროცენტის ფარგლებშია, თუმცა ლუგარის ლაბორატორიის შედეგებით, იგი შემთხვევების თითქმის ნახევარს შეადგენს.
„მარტო ლუგარით ვერ ვიმსჯელებთ“, – თქვა ამირან გამყრელიძემ, თუმცა იქვე დაამატა, რომ დელტა შტამის გავრცელების შემთხვევები ხშირია.
მანვე აღნიშნა, რომ კორონავირუსის ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელში ბავშვთა წილი 10-12%-ია.
„ტალღას რომელ ნომერს მივანიჭებთ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ ასეთი მრუდია: იანვრის შემდეგ, ქვეყანაში იყო სერიოზული დაღმასვლა, თებერვალი, მარტი გავიარეთ შედარებით მსუბუქად, ვიდრე დეკემბერი, იანვარი და შემდეგ აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყო ისევ ზრდა. შევედით მესამე ტალღის პიკში სადღაც მაისის შუა რიცხვებში.
17 მაისს გვქონდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყველა ინდიკატორის. შემდეგ ეს დაბლა წამოვიდა. სადღაც 25 ივნისამდე უმჯობესდებოდა მდგომარეობა, 25-დან ისევ დაიწყო გაუარესება, რომელიც ყოველდღიურად, ხედავთ, რომ 2000-ის ფარგლებშია.
ამიტომ როგორმე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შევაკავოთ და არ შევიდეთ მსგავსში, რაც შემოდგომის ბოლოს გვქონდა “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
იმნაძე: მეკითხებოდნენ, ვირუსი რა, ღამით დადისო? ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა?