LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკაშენკო აცხადებს, რომ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას აღიარებს, როცა ამას მიხვდება და პუტინი ეტყვის

292
პუტინი და ლუკაშენკო

ბელარუსის ავტორიტარი მმართველი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას აღიარებს, როცა ამას მიხვდება და პრეზიდენტი პუტინი ეტყვის, რომ ეს საჭიროა.

კრემლის პოლიტიკის პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში, რომელიც სოლოვიოვის „იუთუბის“ არხზე გავიდა, მის მიერ დასმულ შეკითხვას, „როდის ვაღიარებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს?“, ლუკაშენკომ თავადაც შეკითხვით უპასუხა: „არის კი ამის რაიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროება?“

სოლოვიოვის რეპლიკის შემდეგ, რომ „ყოველთვის არის“, ლუკაშენკომ თქვა: „როგორც კი მივხვდები და პრეზიდენტი (რუსეთის) მეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს“.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოში, ლუკაშენკომ აღიარა, რომ განიხილავდა „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების საკითხს, თუმცა, დასავლეთის სანქციების მუქარისა და ამ სანქციებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციაზე რუსეთთან ვერ შეთანხმდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ორი ტერიტორიის – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიასა და ნაურუს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები