”ლუშნუს” პროდუქცია დედაქალაქში გამოჩნდა. სვანური მარილის მწარმოებელმა კომპანიამ საკუთარი ნაწარმი სარეალიზაციო ქსელში შეიტანა. ”ლუშნუს” მარილი 100 გრამიან შეფუთვებში ამჟამად მხოლოდ ”გუდვილის” ქსელში იყიდება, თუმცა, სვანური მარილი მალე სხვა მარკეტებშიც გაიყიდება.
როგორც ”ფორტუნას” ”ლუშნუს” დამფუძნებელმა სანდრო გოშთელიანმა განუცხადა, მოლაპარაკებებს აწარმოებს ერთ-ერთ მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიასთან და უახლოეს მომავალში პროდუქცია ქვეყნის მასშტაბით 1700 მარკეტში გამოჩნდება.
”ერთი კვირაა დაახლოებით, რაც ”გუდვილში” შევედით. რაც შეეხება სხვა მარკეტებს, აქაც რამდენიმე დღეში უნდა გამოვჩნდეთ. უკვე კონტრაქტის გაფორმებაზე მიდის მუშაობა უმსხვილეს კომპანიასთან, რომელიც ჩვენი პროდუქციის დისტრიბუციას განახორციელებს”, – განმარტა გოშთელიანმა. მისივე ინფორმაციით, ”ლუშნუს” მარილის გასაყიდი ფასი მარკეტებში 2 ლარის ფარგლებში იქნება.
შეგახსენებთ, შპს ”ლუშნუ” საცდელი წარმოებიდან სტანდარტულ წარმოებაზე 2016 წლის ბოლოს გადავიდა. კომპანიამ მესტიაში მარილის მწარმოებელი ქარხანა გახსნა, სადაც 4 ადგილობრივი კადრი დასაქმდა. საწარმო პროექტის ”აწარმოე საქართველოს” ფარგლებში აშენდა და მასში ჯამში 50 000 ლარის ინვესტიცია განახორციელდა.
”ლუშნუს” სვანური მარილი მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე გამოფენაზე იყო გატანილი და დიდი მოწონება დაიმსახურა. შესაბამისად, უახლოეს მომავალში პროდუქციის ექსპორტზე გატანაც იგეგმება.