LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა, ამჟამად ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს: ირაკლი ბენდელიანი

98
Untitled design (5)

მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა, პარალელურად, დროებითი მისასვლელი გზები ეწყობა, ხოლო ფერდის ზედა ნაწილში ცემენტიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

ბენდელიანის განმარტებით, უშუალოდ მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილებები არ შეინიშნება. რაც შეეხება მეწყრულ ზონას, მათ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მეწყრის მასა შეამცირონ:

“ვიდეომონიტორინგით განხორციელებული დაკვირვების შედეგად, გვაქვს კარგი ინფორმაცია – უშუალოდ მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილებები არ შეინიშნება. რაც შეეხება მეწყრულ ზონას, ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევამციროთ მეწყრის მასა. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს დროებითი მისასვლელი გზების მოწყობა.
უკვე დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც მეტ საშუალებას მოგვცემს, უწყვეტ რეჟიმში განვახორციელოთ დაკვირვება.
ამ სამუშაოებთან ერთად, ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია. ამის მიზანია მოხდეს მეწყრის ზედაპირის გადაადგილების შემცირება.
ეს სამუშაოები პირობითად შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად. პირველის მიზანი არის მეწყრის გადაადგილების შეჩერება, ხოლო მეორე ეტაპზე იქნება გენერალური გადაწყვეტები, რომ მოხდეს ამ ადგილის გამაგრება და ამ სამუშაოების შედეგად, მაჭავარიანის ქუჩაზე მოხსნილი იქნება ყველა სახის შეზღუდვა.” – თქვა ბენდელიანმა.

მისი განცხადებით, სამუშაოები დღემდე ხორციელდებოდა და მომავალშიც განხორციელდება სამუშაო ჯგუფში ჩართული ექსპერტების და გერმანელი სპეციალისტების კონსულტაციით და თანხმობით:

“თეორიულად რამდენიმე ფაქტორი ერთმანეთს თუ დაემთხვა, ეს შეიძლება იყოს მიწისძვრა, უხვი ნალექი, ამის საფრთხე იარსებებს, თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა მარტო ბროწეულის ქუჩის მცხოვრებლებს, არამედ, მიმდებარედ არცერთ ოჯახს და არცერთ ადამიანს საფრთხე არ ემუქრება. ამის მიუხედავად, არსებობს ევაკუაციის გეგმა და თუ ამის რეალური საჭიროება იქნება, მერწმუნეთ, რომ პირველ რიგში ჩვენ ვიზრუნებთ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამ ეტაპისთვის საშიშროება არ არსებობს, თუმცა, თეორიულად შეიძლება რაიმე განვითარდეს და ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ.” – განაცხადა მერის მოადგილემ.

ბოლოს კი აღნიშნა, რომ მიმდინარე სამუშაოების მიზანი დედაქალაქის წყალმომარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფაც არის.

ბენდელიანის თქმით, მაჭავარიანის ქუჩასა და მეწყრულ ფერდს შორის გადის GWP-ის საკუთრებაში არსებული მაგისტრალური წყალსადენები. ისინი ამარაგებს ქალაქის გარკვეულ ნაწილს, შესაბამისად, დაწყებული სამუშაოების ერთ-ერთი ამოცანა, არის ისიც, რომ აღნიშნულ მილსადენებს პრობლემა არ შეექმნას და ქალაქის წყალმომარაგება მაქსიმალურად დაცული იყოს.

mazda magti 5g