LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა: მოსკოვს ცრემლების არ სჯერა – მდიდარი რუსები დამარცხებულები გავუშვით

266
FORTUNA.GE (66)

არის თუ არა სპორტი პოლიტიკა? ალბათ, გარკვეულწილად არის. უნდა იყოს თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ გულშემატკივრები, ხალხი სხვადასხვა დარგში წარმატებას მაინც სხვაგვარად აღიქვამს, როდესაც საქმე მტრულ მოწინააღმდეგეს ეხება. ამიტომაც გვიხარია რუსებთან მიღწეული ნებისმიერი წარმატება, ეს განსხვავებულ ემოციას ტოვებს, უფრო სიამაყის და რწმენის, რომ დიდ ერებთან ჩვენ, მცირე ხალხს შეგვიძლია მეტოქეობა.

თბილისის “ლოკომოტივმა” საოცარი მატჩი მოუგო მოსკოვის “დინამოს”. პირდაპირ შეიძლება ითქვას სენსაციაც კი არის, არათუ მოულოდნელობა. ბევრი მიზეზის გამო: მდიდარი რუსული კლუბი, ხარისხიანი ლეგიონერები, ბევრად რთული ჩემპიონატი, მეტი გამოცდილება, პირობები და ჩვენის მხრივ კი საქართველოს პირველობაზეც კი შუაში მყოფი გუნდი. მოტივაცია სუსტ მეტოქესთან? სულაც არა, მოსკოველები ამას ვერ დააბრალებენ, ისინიც კომენტარებში არ გადადიოდნენ სპორტის ჩარჩოებს, მაგრამ მშვენივრად იცოდნენ, რომ თბილისი მათვისაც არ არის ერთი ჩვეულებრივი ქალაქი. აკი თქვა კიდეც რუსული კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრმა სერგეი სტეპაშინმა (ერთ დროს პუტინის ძალოვანმა მინისტრმა) ეს რუსეთ-საქართველოს მატჩიაო.

“ლოკომოტივის” ბიჭებმა, სამწვრთნელო შტაბმა და კლუბის თითოელმა წევრმა კი მოინდომა და… მოიგო. მოიგო მოსკოვის მდიდარ გუნდთან. აჩვენა ქართველი კაცის ხასიათი და საკუთარ თავსაც აჩვენა, რომ თურმე არც ისე უკან ვართ, რომ შრომის, მონდომების და თავდადების პირობებში წარმატება ჩვენთანაც მოვა. სპორტული თვალსაზრისითაც რამხელა მნიშნელობა აქვს, როდესაც ზედიზედ ორჯერ შენზე ძლიერ მეტოქეს ამარცხებ, ეს ხომ საკუთარი ძალების რწმენა დ თავდაჯერებულობაა. ეს სხვა ქართულ გუნდებსაც გადაედებათ და ირწმუნებენ, რომ წარმატება ევროპაშიც შესაძლებელია.

 

გიორგი ჭიაბრიშვილი:

„მადლობა თანადგომისთვის. არც ჩანდა, რომ ტრიბუნაზე ხალხი არ იყო, ისეთი მხარდაჭერა გვქონდა. დიდი და ძლიერი მუხტი იყო და რომც წაგვეგო, მაინც მადლობას გადაგიხდიდით.
ასეთი ძლიერი გუნდის ძლევა იოლი არ იყო. თუმცა, არანაკლებ კარგი იყო კრაიოვას გუნდიც, რომელიც პირველ ეტაპზე დავამარცხეთ. შარშანდელი წაგების შემდეგ („საბურთალოში” მუშაობისას „არარატ-არმენიასთან” წაგება იგულისხმა) ვცდილობდი, რეაბილიტაცია მომეხდინა და მიხარია, რომ ეს შევძელი. მადლობა „ლოკომოტივის” ხელმძღვანელობას, რომ ასეთი მარცხის შემდეგ მომცა საშუალება, ქართველი ხალხი გაგვეხარებინა.”

 

 

მაინც და მაინც თამაშითაც არ გვჯობდა “დინამო”. გარკვეულ ეპიზოდებში უპირატესობა სტუმრების მხარეს იყო, სახიფათოდაც შემოგვიტიეს, მაგრამ არც ჩვენები ყოფილან ყრუ დაცვაში და იქითაც იკბინებოდნენ. გოლები კი მეორე ტაიმში გავიდა.

54-ე წუთზე კირკიტაძემ კუთხურის ალამთან მიუსწრო ბურთს და კარისკენ ჩააწოდა, მეკარის მიერ ცუდად მოგერიებულზე ყველას ირაკლი სიხარულიძემ დაასწრო  – 1:0.

“ლოკომოტივმა” მეორე გოლი კონტრშეტევაზე გაიტანა. სწრაფი შეტევის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე თემურ შონია დარჩა, რომლის დარტყმის შემდეგაც შუნინმა ბურთი ისევ ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი მამია გავაშელიშვილმა ზუსტად დაარტყა – 2:0.

მატჩის მიწურულს მოსკოველებმა პენალტი მოიპოვეს, რომელიც კომლიჩენკომ შეასრულა და ანგარიში შეამცირა – 2:1.

მსაჯმა 5 წუთი დაამატა, გუნდები 6 წუთი ათამაშა, მაგრამ გავძელით…

თბილისმა მოსკოვი შინ დამარცხებული გაუშვა! რუსები ალბათ კიდევ დიდხანს ვერ დაიჯერებენ, რაც თბილისში შეემთხვათ.

მადლობა ბიჭებო!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები