LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობელი ვარ თქვენი ქვეყნის მიერ უკრაინის მიმართ გადამწყვეტი და ურყევი მხარდაჭერისთვის – ზელენსკის წერილი ზურაბიშვილს

83
ზელენსკი სააკაშვილი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წერილში, რომლის ადრესატიც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილია, აღნიშნულია, რომ საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შეუფასებელია და რომ ეს მხარდაჭერა უკრაინას გამარჯვებასთან აახლოებს.

„მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამა წლის აგვისტოში „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში მონაწილეობისთვის.

სამიტმა წარმოაჩინა დემოკრატიული ქვეყნების ერთიანობა და ძალა რუსეთის აგრესიისგან უკრაინისა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის დაცვის მიმართ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტის მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ისინი არ შეეგუებიან რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულის ოკუპაციას და არასდროს აღიარებენ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო ანექსიას.

სამიტმა ასევე დაადასტურა უკრაინელი ხალხის კანონიერი უფლება, დაიცვან თავიანთი თავი რუსეთის აგრესიისგან, რომელიც დაიწყო 2014 წელს ყირიმის მიტაცებით და გაათავისუფლონ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში უკრაინის მთელი ტერიტორია, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძული.

მადლობელი ვარ თქვენი ქვეყნის უკრაინის მიმართ გადამწყვეტი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც შეუფასებელია ჩვენთვის, რადგან ჩვენი მხარდაჭერა ჩვენს გამარჯვებასთან გვაახლოებს.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა ოკუპაციისგან და პასუხი ვაგებინოთ კრიმინალურ და აგრესიულ ომზე პასუხისმგებელ პირებს. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, კერძოდ, თქვენი ქვეყნის მონაწილეობას ყირიმის პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში. მტკიცედ მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ დავამარცხებთ აგრესორს“, – აღნიშნულია წერილში.

წერილი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას“ მონაწილეებს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გააცნო.

mazda magti 5g