სექტემბრიდან, მადრიდის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მოსწავლეებს სმარტფონების, პლანშეტებისა და ლეპტოპების გამოყენება სასწავლო პროცესის დროს აღარ შეეძლებათ. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
ამასთან, მასწავლებლებს ეკრძალებათ ისეთი სახის დავალებების მიცემა, რომელთა შესასრულებლადაც ტექნოლოგიური მოწყობილობების გამოყენება გახდება საჭირო.
მიზანი მცირე ასაკის ბავშვების მიერ ეკრანთან გატარებული დროის შემცირებაა, რადგან გამოსხივება მათ ჯანმრთელობასა და განვითარების პროცესს დიდ ზიანს აყენებს.
საბავშვო ბაღებსა და დაწყებით სკოლებში კვლავ პრიორიტეტულ მეთოდებად ჩაითვლება ხელით წერის უნარები და ქაღალდის სახელმძღვანელოები, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბავშვის ტვინისა და მოტორიკის განვითარებაში. გარდა ამისა, ხელით დაწერილი ინფორმაციის დამახსოვრება უფრო ადვილია, ხოლო ბეჭდური წიგნები კითხვის უნარებს აუმჯობესებს.
ამასთან, საბავშვო ბაღებსა და დაწყებით სკოლებში ტექნოლოგიების გამოყენება სრულად არ აიკრძალება – ბავშვები მათ შეზღუდული დროით, მასწავლებლის ხელმძღვანელობით გამოიყენებენ. დაწყებული 3 წლიდან, პატარები ციფრულ უნარებს ასაკის შესაბამისად, კვირაში 1-დან 2 საათამდე დროს დაუთმობენ.