დღეს ახლადარჩეულმა საკრებულოებმა პირველი სხდომები გაიმართეს. ყველა მუნიციპალიტეტში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დეპუტატებმა საკრებულოს უფლებამოსილების ცნობაში მიიღეს მონაწილეობა, შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომები, ასევე პროტესტს გამოთქვამს გახარიას პარტია “საქართველოსთვის”.
შედეგად, ბათუმში, რუსთავში, სენაკში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, დმანისში საკრებულომ თავმჯდომარეები ვერ აირჩია.
აღნიშნულ თემაზე რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” თვითმმართველობის მკვლევარმა მაგდა პოპიაშვილმა ისაუბრა.
„სიგიჟეა ის რაც დღეს ქვეყანაში მთელი დღის განმავლობაში ხდება, უბრალოდ არ შეიძლება ადგილობრივ თვითმმართველობაში ვითარება იყოს ასე დაძაბული და რეალურად ზარალდებოდნენ ადგილზე მცხოვრები ადამიანები.
თვითმმართველობა არ არის პარლამენტი, ბუნებრივია არ ვაკნინებ პარლამენტის საქმიანობას, ეს არის ორგანო, რომელიც უშუალოდ ადამიანების ყოველდღიური საჭიროებების გადაწყვეტაზე უნდა მუშაობდეს და როდესაც ასეთი საგიჟეთი ხდება, ფაქტობრივად, მთელს საქართველოში და განსაკუთრებით იმ 6 მუნიციპალიტეტში, სადაც „ოცნებამ“უმრავლესობა ვერ შექმნა, უბრალოდ გამოუვალ სიტუაციაში ვვარდებით, ჩიხში შევდივართ და ამით, პირველ რიგში დაზარალდებიან მოქალაქეები, იმიტომ რომ ისინი ვერ მიიღებენ სრულყოფილად იმ სერვისს, რაც უნდა მიიღონ, ვერ განხორციელდება ის პროექტები და პროგრამები, რაც მთელი წლის განმავლობაში 2022 წელს უნდა განხორციელდეს.
ჩვენ ვიცით,რომ უმეტესად მუნიციპალიტეტები ცენტრალური ხელისუფლების ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, მაგრამ ყველა ეს საკითხი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, იგივე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები, ამ ყველაფერზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო, თუ ასეთი ვითარება გაგრძელდა ეს პროექტები ალბათ შეფერხდება.
პროტესტის შედეგი რეალურად არის ის რომ არა მარტო ბათუმში, არამედ კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, რუსთავში, სენაკში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში იგივე დმანისში ვერ აირჩია საკრებულომ თავმჯდომარე და კანონმდებლობის მიხედვით თუკი 3 ჯერ მოხდება ეს შეიძლება საქმე მივიდეს ვადამდელ არჩევნებამდე ?
არა, დღეს ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს განსაკუთრებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა კანონს.
კანონში ძალიან მკაფიოდ წერია თუ რა ხდება როცა თავმჯდომარეს არ ირჩევენ.
არაფერიც არ ხდება რეალურად, კანონის თვითმმართველობის კოდექსით, 142-ე მუხლით, საკრებულოს დათხოვნას აქვს ძალიან კონკრეტული მიზეზი, რის გამო შეიძლება, რომ ვადამდე შეწყდეს მათი უფლებამოსილება.
პირველი: თუ ბიუჯეტს არ ამტკიცებს და ეს გამოირიცხა, იმიტომ რომ საოცრება ქნეს წინა საკრებულოებმა, რომლებსაც სწორედ დღეს შეუწყდათ უფლებამოსილება და მათ დაამტკიცეს უკვე მომდევნო წლის ბიუჯეტები, ამიტომ ეს გამოირიცხა.
მეორე, არის ის, თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა ნახევარზე მეტით შემცირდება.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს თანამდებობის პირები ვერ აირჩიეს, მათი უფლებამოსილება უკვე ცნობილია, ამიტომ ეს საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ ვეღარ დგას.
და მესამე არის ის, თუ საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება.
ძალიან მარტივია საკრებულო 6 თვეში ერთხელ მაინც თუ შეიკრიბა და კვორუმი შედგა, იქ საკრებულოს თავმჯდომარე აირჩევა თუ არ აირჩევა, სამწუხაროდ, კოდექსი ამას აღარ არეგულირებს.
ერთადერთი რაც შესაძლებელია თეორიულად დავუშვათ, ეს არის პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება, რასაც ასევე კოდექსი გვთავაზობს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ძალიან გაუჭირდება ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს, მაშინ საკრებულომ ხელი უნდა შეუშალოს სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონირებას.
ქართულ ოცნებაში ფიქრობენ რომ ზუსტად მიზანმიმართულად მიჰყავს ნაციონალურ მოძრაობას პროტესტი სწორედ ამ მიმართულებით, ვგულისხმობ რიგგარეშე არჩევნებს.
როგორია თქვენი შეფასება ამ მხრივ და თუ კიდევ გაგრძელდა პროტესტი რა სცენარს განიხილავთ ?
არავინ იცის რით დასრულება, პარალიზებული იქნება ბუნებრივია მუნიციპალიტეტის, საკრებულოს საქმიანობა და შესაბამისად, მერისაც იმიტომ, რომ მერი საკრებულოს გარეშე ბევრ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
ამიტომ არავინ იცის რა იქნება. როცა „ოცნება“ ამბობს, რომ ერთ მხარეს უნდა ოპოზიციას, იქნება ეს ნაციონალური მოძრაობა, გახარიას პარტია თუ ლელო, უნდა რაღაც მიიყვანოს კულმინაციამდე და თუნდაც ეს რაღაც იყოს რიგგარეშე არჩევნები, მას ძალიან მარტივად შეუძლია გამოსავლის მონახვა.
ამისთვის არსებობს ძალიან კარგი რეცეპტი ევროპული დემოკრატიის ქვეყნებში, ადგილობრივ თვითმმართველობაზე. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც ხვდება წარმომადგენლობით ორგანოში, იღებს იმ პროცენტების შესაბამის თანამდებობებს, რასაც ისინი იღებენ და დამთავრდა იქ.
იქ არ არის, რადგან უმრავლესობაში ვარ საკრებულოს თავმჯდომარეც მე უნდა გავხდე, მისი მოადგილეებიც მე უნდა დავნიშნო, ყველა კომისიის თავმჯდომარე ჩემი უნდა იყოს, ასეთი რამ არ ხდება არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ადგილობრივ დონეზე.
თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ შესაძლებელია კონფლიქტის, ამ ესკალაციის დაძლევა, მაშინ ნება იბოძოს და გადადგას ამისკენ ნაბიჯები.
ის არის ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ იმ 6 კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ის უმრავლესობაში აღარ არის.
აქ საინტერესოა გახარია, გახარიას დაედო თავისი 3-3 წევრით ძალიან დიდი წონა, მას აქვს ახლა, ფაქტობრივად, გადამწყვეტი ხმის უფლება, ჩემი ინფორმაციით, როგორც ვიცი მოხდა შეთანხმება და რუსთავში, სავარაუდოდ ოღონდ, შესაძლოა მართლაც გახარიას კანდიდატი გახდეს საკრებულოს თავმჯდომარე და როგორც ვიცი სხვაგან ეს შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ვნახოთ, გვაჩვენებს ამას პროცესები, მთავარია, რომ ორივე მხარემ იფიქროს იმაზე, რა არის ადგილობრივი მოსახლეობისთვის სწორი და კარგი.
კიდევ ვიმეორებ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და განსაკუთრებით საკრებულო არ არის პოლიტიკური ორგანო, ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო, აქ არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო.
ეს არის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს კონკრეტული საჭიროებების გადაწყვეტაზე, აქედან უნდა ამოდიოდნენ და არა იქიდან ცენტრალიზებულად პარტია როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, სხვა კონკურენტ პარტიებთან ურთიერთობისას. ამას თუ გააკეთებენ მგონია, რომ სიტუაცია დალაგდება, თუმცა დიდი მოლოდინი ამის, ბუნებრივია, არ მაქვს და მგონია, რომ ის კრიზისი, რაც ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში შეიქმნა კიდევ უფრო გაღრმავდება და ძალიან დიდხანს მინიმუმ იმ 6 მუნიციპალიტეტში, სადაც სხვა მოცემულობა გვაქვს სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება,“-განაცხადა მაგდა პოპიაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.