„ეს დაბარება იყო კულმინაციური მომენტი, რაც გაცილებით ადრე გაკეთდებოდა ნებისმიერი სხვა ქვეყანაში, საქართველოს ელჩს რომ მსგავსი აქტიურობა გამოეჩინა ოპოზიციურ აქციებზე“, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გერმანიის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ის ასევე გამოეხმაურა 27 ელჩის განცხადებას.
როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, დიპლომატიური კორპუსი ახლა საკუთარი პოზიციების დაცვის რეჟიმშია.
„ძალიან დიდ შეცდომებს უშვებენ და სწორედ ამით იყო გამოწვეული ის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში იქნა ელჩი დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ეს ყველამ კარგად უნდა აღიქვას, რომ ჩვენ რადგან გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ მოვითხოვთ იმას, რომ პატივი ეცეს ჩვენს ინტერესებს. და თუ ვინმეს დაიბარებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეს დაბარება ამ შემთხვევაში იყო კულმინაციური მომენტი, რაც გაცილებით ადრე იქნებოდა გაკეთებული ნებისმიერი სხვა ქვეყანაში საქართველოს ელჩს, რომ მსგავსი აქტიურობა გამოეჩინა ოპოზიციურ აქციებზე, სასამართლო პროცესების თანამონაწილე ყოფილიყო და ა.შ.“,- განაცხადა მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
ცნობისთვის, განცხადება გაავრცელა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც აღნიშნულია, რომ კატეგორიულად გმობს საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ „აგრესიულ რიტორიკას“ და „უსაფუძვლო დაბარებას“. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით.