პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე ეროვნული ბანკის მიერ დოლარის შესყიდვას დადებითად აფასებს.
მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის სტრატეგიაა დაიკავოს ე.წ. ტრენდი, რადგან ვალუტის ნახტომისებურად გამყარება სასურველი არ არის.
”ვალუტის გამყარებას თანმდევი მოვლენები გააჩნია, განსაკუთრებით მსხვილ ბიზნესთან მიმართებაში. თუ დავიკავებთ გარკვეულ ტრენდს, ნამდვილად კარგი იქნება, რადგანც უცაბედი გამყარებაც და გაუფასურებაც ქვეყნის ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგის მომტანია” – განაცხადა მელიქიძემ.
ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრობს, რომ ლარის გამყარება ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების ზრდას, ფულადი გზავნილების შემოდინებას და მთავრობის კოორდინირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 17 მარტს გამართულ სავალუტო აუქციონზე 5 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. 21 მარტს კი სებ-მა 10 მლნ დოლარი იყიდა.