„მაინც მომიწია ამ ტრიბუნასთან დადგომა, მომიწია იმ თანმიმდევრობის დარღევევა, რომლის შესახებაც პოლიტიკაში შემოსვლისას განვაცხადე, მაგრამ როცა შენს ხალხზე, შენს ქვეყანაზეა საუბარი და ვითარება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია,“ – პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზები ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების“ ყრილობაზე განმარტა.
ივანიშვილმა ყრილობაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა.
„დღეს არ ვაპირებ ხელისუფლების საქმიანობასა და მოღვაწეობაზე დეტალური ანგარიში წარმოვადგინო, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და სიამაყით ხაზი გავუსვა იმ მიღწევებს, რასაც ხელისუფლებამ მოკლე დროში მიაღწია. პირადად ჩემთვის და მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც ქვეყანამ განიცადა ბოლო წლებში. დღეს საქართველოს მოქალაქეები თავისუფლები და სახელმწიფოს თვითნებობისგან დაცულები არიან, ეს იყო ჩვენი ხალხის მთავარი ეროვნული ამოცანა. დღეს გვყავს არა არჩევნების გაყალბებით და ძალადობით, არამედ ხალხის ნდობით შერჩეული და ადამიანებზე ორიენტირებული ხელისუფლება. დღეს სრულად დაცული და ხელშეუხებელია საკუთრება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს განადგურებული იყო, აღარ არსებობს ელიტარული კორუფცია, დღეს თავისუფალი და დაცულია ბიზნესი. ხელშესახები პროგრესია სასამართლოს და პოლიციის დამოუკიდებლობის კუთხითაც, წარმატებით დავასრულეთ საკონსტიტუციო რეფორმის რთული პროცესი და იმ კონსტიტუციის ნაცვლად, რომელიც ფორმალურად ამართლებდა ერთი ადამიანის მმართველობას, მივიღეთ ევროპული ტიპის კონსტიტუცია. ახალი კონსტიტუცია შეუქცევადი დემოკრატიული პროცესის საყრდენია,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
“ ქართილი ოცნების“ ყრილობა მთაწმინდაზე ამ დრომდე გრძელდება.