მაკა ზამბახიძემ ახლახან „ფეისბუქზე“ ახალი სიმღერა გააზიარა, რომელიც საახალწლოა და ჰქვია „მოხდება საოცრება“. მომღერალს სიმღერა შვილმა, სალომემ დაუწერა, რომელმაც უკვე დიდი ხანია, კომპოზიტორობას მიჰყო ხელი და დედასთვის არაერთი სიმღერა შექმნა.
მაკა 31 დეკემბერს ბათუმში გაატარებს, დანარჩენზე თავად გვესაუბრება.
მაკა:
ეს სიმღერა, რომელსაც ჰქვია „მოხდება საოცრება“, შარშან ჩავწერე, მაგრამ ახლა დავდე და უფრო მეტი გამოხმაურება მოჰყვა, შარშან ვერ მოვახერხე დროულად ჩაწერა და დადება. ჩემი შვილის, სალომეს დაწერილი სიმღერაა, ტექსტიც და მელოდიაც მას ეკუთვნის. ზაზა ხუბუკელაშვილია არანჟირების ავტორი.
საახალწლოდ რა გეგმები გაქვს, სად გამოდიხარ?
ბათუმში ვმღერი, ღია ცის ქვეშ, კონცერტზე, რომელსაც ბათუმის მერია აკეთებს. ერთ სოლოსიმღერას და ერთ დუეტს ვასრულებ გიორგი სუხიტაშვილთან ერთად, ინგლისურენოვანი სიმღერებია, საახალწლო. ორკესტრთან ერთად გამოვდივართ.
რამდენი ხანია, რაც ახალ წელს შინ არ შეხვედრიხარ?
ახალ წელს სახლში არ ვხვდები უკვე ბოლო 9 წელია. ამ შემთხვევაში ვარჩიე ბათუმში გამგზავრება, დამაკმაყოფილა შემოთავაზებამ. სხვათა შორის, თბილისში უფრო ვიღლები ახალ წელს, ღამე, რადგან ძალიან ბევრგან მიწევს მისვლა. იქ ვიქნები მხოლოდ ღია ცის ქვეშ, ერთ კონცერტზე.
ვერ მიმყავს, წყნეთში უნდა მეგობრებთან ერთად შეხვედრა.
მორთე უკვე შენი სახლი წყნეთში საახალწლოდ?
ნელ-ნელა ირთვება. ჯერ ვერ შევავსე და ვერ გავაძღე სახლი. რაც მქონდა შარშან, ის აღარ მყოფნის. პირველი ახალი წელია ახალ სახლში, მინდა, დრო რომ მექნება, გავიდე საყიდლებზე. ახლა დრო საერთოდ არ მაქვს.
საახალწლოდ შენს ცნობილ შოუებს ისევ დააცხობ?
რაც ვაცხე, ის მეყო (იცინის). იქნებ, ახლა გოზინაყი გავაკეთო, აქამდე არასდროს გამიკეთებია. მაკას გოზინაყები რა კარგად ჟღერს? ვიფიქრებ ამ თემაზე, შუ გამომივიდა და გოზინაყი რა არის. ისე, სხვათა შორის, არასდროს არ გამიკეთებია. ახალი წლისთვის ვერ მოვახერხებ, როგორც გითხარი, თბილისში არ ვიქნები და საშობაოდ შეიძლება გავაკეთო გოზინაყი (იცინის).
ნინო მურღულია