საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან მოახერხა დაერწმუნებინა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, არ წავიდეს უკრაინის გარშემო კრიზისის ესკალაციაზე.
მაკრონმა ამის თაობაზე სამშაბათს განაცხადა კიევში ჩასვლის შემდეგ, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება.
7 თებერვალს მაკრონი მოსკოვში შეხვდა პუტინს. თითქმის 6-საათიანი საუბრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა შედეგს მიაღწია და ხელი შეუწყო უსაფრთხოების კრიზისის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილებას.
„მივაღწიე იმას, რომ არ იქნება არც გაუარესება და არც ესკალაცია“, – თქვა მაკრონმა კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას. მან დასძინა, რომ „ერთი წამითაც“ არ უვარაუდია ის, რომ პუტინი ვითარების გამწვავებაზე წავა.
მოსკოვში პუტინთან შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტს მოლაპარაკებების დეტალები არ დაუკონკრეტებია. ემანუელ მაკრონის თქმით, საკითხის განხილვას გააგრძელებს უკრაინასთან, აშშ-თან და ევროპელ და ნატოელ მოკავშირეებთან.
მაკრონი ამბობს, რომ მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება და ამას ერთობლივი, ინტენსიური დისკუსია დასჭირდება. საფრანგეთის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ სირთულეების მიუხედავად, შედეგს მიაღწევენ.
მაკრონთან განხილული საკითხები არც პუტინს დაუკონკრეტებია. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ზოგიერთი იდეა და წინადადება შესაძლოა იქცეს შემდგომი ერთობლივი ნაბიჯების საფუძვლად.
კრემლის მიერ 8 თებერვალს გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ორი ლიდერის პირისპირ შეხვედრაზე გააგრძელეს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე აშშ-ისა და ნატოსთვის გაგზავნილი რუსეთის მოთხოვნების განხილვა.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.