LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაკრონის პოზიცია გენოციდთან დაკავშრებით გულდასაწყვეტია” – უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მოძმეები ბავშვებს არ კლავენ

161
Untitled design (2)

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ – რუსები და უკრაინელები ძმები არიან და “გენოციდის” ტერმინის გამოყენებასთან ფრთხილად იქნებოდა – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მაკრონის ამ შეფასებით კიევი იმედგაცრუებულია.

უკრაინის საგარეო უწყების პოზიციაზე სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ ისაუბრა:

“საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სურვილის არქონა უკრაინელების გენოციდის აღიარების შესახებ, რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებებისა და რუსი სამხედროების დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ, გულდასაწყვეტია.

ობიექტური მიზეზების გამო, ისტორიული თვალსაზრისით, უკრაინა და რუსეთი ახლოს არიან, მაგრამ ორი მოძმე ერის, რუსეთისა და უკრაინის შესახებ მითის ნგრევა დაიწყო ყირიმის ოკუპაციისა და 2014 წელს დონბასში განხორციელებული აგრესიის შემდეგ.

მაშინ რუსი “ძმები” ვითომ რუსულენოვანი მოსახლეობის დასაცავად მოვიდნენ, მაგრამ რვა წელიწადში 14 000 უკრაინელი დაიღუპა.

ეს მითი საბოლოოდ დაიმსხვრა, როდესაც თებერვალში პირველი რუსული რაკეტები უკრაინის ქალაქებში გაფრინდა.

მოძმეები არ კლავენ ბავშვებს, არ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, არ აუპატიურებენ ქალებს, არ ასახიჩრებენ მოხუცებს და არ ანგრევენ მოძმეების სახლებს.

ყველაზე დიდი მტრებიც კი არ მიმართავენ სისასტიკეს დაუცველ ადამიანებზე”, – განაცხადა უწყების სპიკერმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა არ არსებობს არც მორალური და არც რეალური საფუძველი, რომ რუს და უკრაინელ ხალხს შორის “ძმურ” კავშირებზე ისაუბრონ.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებების “გენოციდად” შეფასებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა:

“დღეს ასეთ ტერმინებთან მიმართებით ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი ძმები არიან”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში