LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მალე კლიპი გამოვა „ასკინკილას“ ჰიმნზე, რომელიც პირველ საბავშვო კომპოზიციაა „მგზავრების“ რეპერტუარში“ – გიგი დედალამაზიშვილი პრემიერით „არტ-FM“-ში

542
გიგი დედალამაზიშვილი

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს გიგი დედალამაზიშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებით ცხოვრებაზე, ახალ ბიზნეს-პროექტზე ისაუბრა და ახალი სიმღერა „ასკინკილა“ შესთავაზა მსმენელს.

„ასკინკილა“

„ასკინკილას“ გახსნის იდეა ორ ოჯახს გვეკუთვნის – ჩვენ და ჩვენი მეგობრების – ქარდავების ოჯახს. სამწუხაროდ ჩვენს უბანში არასდროს ყოფილა ბავშვთა გასართობი ცენტრი, ამიტომ სიახლის შემოტანა და სწორედ ამგვარი ცენტრის გაკეთება გადავწყვიტეთ. ძალიან მიყვარს ბავშვები, ჩემი შვილებიც და მათი მეგობრებიც, სცენა და გართობა კი, ყოველთვის ახლოს იყო ჩემს პროფესიებთან, რადგან მსახიობი და მუსიკოსი ვარ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, რომლებიც ენთუზიაზმით ჩაერთნენ ჩვენს პროექტში და ყველა სირთულის მოგვარებაში დაგვეხმარნენ. მალე კლიპი გამოვა „ასკინკილას“ ჰიმნზე, რომელიც პირველ საბავშვო კომპოზიციაა „მგზავრების“ რეპერტუარში. გარდა ამისა, რამდენიმე ქორეოგრაფიული ნომერი გავაკეთეთ, რომელთა დადგმაში უნიჭიერესი ქორეოგრაფი გიორგი ტორიაშვილი დაგვეხმარა. მეტი ხალისისა და მშობლების გართობისთვის კი, ერთგვარი ფურშეტი მოვაწყვეთ და სპეციალური მენიუ შევადგინეთ „გალერეა გურმანიასთან“ ერთად. გასართობ ცენტრს ორი სივრცე – ქალაქის და ცირკის დარბაზები აქვს. სწორედ ცირკში დადგა არაჩვეულებრივმა ილუზიონისტმა ავთანდილ ციცქიშვილმა რამდენიმე ნომერი.

პრაქტიკულად ყველა ატრაქციონი ჩვენს შვილებზე მოვსინჯეთ. ვფიქრობ, საინტერესო პროექტი გამოვიდა, რომლითაც ყველა ისიამოვნებს. ცენტრში მრავალფეროვანი ღონისძიებები ეწყობა, ჩვენი კი, ყოველი ღონისძიების შემდეგ ვიკრიბებით და  დეტალურად განვიხილავთ რისი შეცვლა და დახვეწაა საჭირო. აქვე ყველას შევახსენებ, რომ „ასკინკილა“ დიდ დიღომში, ლიუბლიანას #17-ში მდებარეობს.

კონცერტი

2 მაისს “მგზავრების” კონცერტი მოეწყობა. მართალია, ხანგრძლივი პაუზა გამოგვივიდა, რადგან მთელი 7-8 თვე არ დაგვიკრავს, მაგრამ ახლა აქტიურად ვემზადებით საღამოსთვის, რომელიც ყველა დანარჩენისგან განსხვავებული იქნება. ვფიქრობ, კონცერტები ინტერვალებით უნდა მოაწყო, რათა თავი არ მოაბეზრო მაყურებელს. სიმართლე ვთქვა, ძალიან ვნერვიულობთ, იმედი გვაქვს ჩვენი თაყვანისმცემლები შეიკრიბებიან და ტრადიციულად გაგვამხნევებენ.

ოჯახი

არ ვიცი, ალბათ კარგი მამა ვარ, ყოველ შემთხვევაში სიჯიუტე და სიმკაცრე არ მახასიათებს. არ მიყვარს ზედმეტად ჭკუის სწავლება, ვცდილობ მეტი თავისუფლება მივცე შვილებს და მათი კარგი მეგობარი გავხდე. არცერთს არ იტაცებს მუსიკა, ამიტომ არც ვაძალებ. მეც ასე თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე გამზარდეს მშობლებმა და ვცდილობ, მეც მათსავით კარგი მშობელი ვიყო.

კარგი მეუღლე ვარ, მაგრამ უკეთესიც შემიძლია ვიყო, რადგან ხშირად მავიწყდება, რომ მეორე ნახევარს მეტი ყურადღება, სითბო და სიყვარული სჭირდება. მარინა ჩემი ცხოვრების აზრია და მის გარეშე ვერც საკუთარი წარმომიდგენია, თუმცა ხშირად მავიწყდება გრძნობების გამოხატვა.

„საქართველოა“

სიმღერა 17 ივნისს გამოვუშვით ნაკრების პირველ თამაშამდე ერთი დღით ადრე. რამდენიმე დღე არანაირი გამოხმაურება არ ჰქონდა, ამიტომ ჩავთვალე, რომ არავის მოეწონა და ძალიან დამწყდა გული, თუმცა მერე ყველამ ერთიანად აიტაცა და ნამდვილ ჰიტად იქცა.

პოპულარობა

ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, რადგან ყოველთვის საოცარი ძალითა და ენერგიით ვივსები. განსაკუთრებით მომწონს, როცა ქუჩაში უცნობები მესალმებიან და კეთილი ღიმილით მიღიმიან.

თეატრი

20-21 მაისს „ვერის უბნის მელოდიებს“ შევთავაზებთ მაყურებელს. მთელი წელია ვმუშაობთ წარმოდგენაზე, რომლის რეჟისორობა ზალიკო ჩიქობავამ ითავა, მუსიკაზე კი, ნიკოლოზ რაჭველმა იზრუნა. სპექტაკლში სხვადასხვა თეატრის მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა. ძალიან საპასუხისმგებლოა ასეთ დადგმაში მონაწილეობა, მით უფრო, რომ შენგელაიას ფილმი 50 წლის ხდება და ჩვენც ერთგვარი იუბილესთვის ვემზადებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g