LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამა, ჭურჭელს რეცხავ? – გაკვირვებულმა მკითხა ნონიმ.. ხედავენ, როგორ ფენს მამა სარეცხს, რაღაცნაირად, მაგრამ ხომ ვფენ“ – რას წერს გიორგი კალატოზიშვილი სტერეოტიპებზე

921
გიორგი კალატოზიშვილი

„შვილებს სულ იმას ვეუბნები, რომ დედა უფრო ძლიერია. ამით საკუთარ თავს კი არ ვაკნინებ, არამედ დედისადმი სიყვარული და დედის რწმენა მინდა გავუმყარო!“ – ამის შესახებ პიარტექნოლოგი გიორგი კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ეხმიანება.

როგორც გიორგი კალატოზიშვილი აღნიშნავს, ის ხშირად ასრულებს ისეთ საოჯახო საქმეებს, რომლებსაც, სტერეოტიპულ აზროვნებაში „მხოლოდ დედა უნდა აკეთებდეს“. კალატოზიშვილი ამბობს, რომ ამით სურს, მისმა შვილებმა ქცევის სწორი მოდელი ისწავლონ:

„ნონი და ნინი ხედავენ, როგორ რეცხავს მამა ჭურჭელს! როგორ ალაგებს სახლს! როგორ გადის პურზე და გზად ცივ ჩაისაც გამოაყოლებს! ხედავენ, როგორ ბანს და უმშრალებს ფენით სურნელოვან თმას! როგორ ფენს სარეცხს… ნუ, რაღაცნაირად, მაგრამ ხომ ვფენ; როგორ ატარებს მათთან ერთად დროს სკვერში… ბევრ რამეს ხედავენ ისეთს, რასაც ბევრის სტერეოტიპულ აზროვნებაში მხოლოდ დედა უნდა აკეთებდეს. მაგრამ მე მინდა, რომ ჩემმა შვილებმა დაინახონ და ისწავლონ ქცევის სწორი მოდელი! “მამა, ჭურჭელს რეცხავ?”, – გაკვირვებულმა მკითხა ერთხელ ნონიმ. კი, მამა, ჭურჭელს ვრეცხავ – ვუპასუხე მას, გავიმშრალე ხელი და კოცნით და ფერებით ავუხსენი ის, რომ მე და დედა თანასწორი ვართ… მამაჩემიც ასეთი იყო. რაც კი კარგი მაქვს ხასიათში და პიროვნულად, მაჩუქეს მშობლებმა.

განსაკუთრებით დედამ, რადგან მამა მომიკლეს მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. სიყვარული მხოლოდ საჩუქრები არ არის და ჟრიამული. სიყვარულია ერთმანეთზე ზრუნვა და ჩემმა შვილებმა მინდა გაიაზრონ ეს კარგად და როცა მოვა დრო, გააკეთონ სწორი არჩევანი.

სულ იმას ვეუბნები, რომ დედა უფრო ძლიერია. ამით საკუთარ თავს კი არ ვაკნინებ, არამედ დედისადმი სიყვარული და დედის რწმენა მინდა გავუმყარო! ის, რომ დედა ძლიერია, ნიშნავს იმას, რომ ელენე ძლიერი ქალია. ძლიერი ქალი! თქვენც ასეთები უნდა იყოთ – ყოველდღე ვეუბნები ჩემს შვილებს, ძლიერი ქალები! არავის მისცეთ უფლება გიყვიროთ! არავის მისცეთ უფლება ხელით შეგეხოთ! არავის მისცეთ უფლება გიკარნახოთ, რა უნდა გააკეთოთ! არავის მისცეთ უფლება გაგრძნობინოთ ის, რომ სუსტი სქესი ხართ! არავის მისცეთ უფლება გაგაჩუმოთ! ამიტომ, ამ ასაკიდანვე ვეუბნები ჩემს შვილებს იმას, რომ ყოველთვის მითხრან და არ გაჩუმდნენ! არასოდეს დამიმალონ თავისი ტკივილი, რადგან მე ყოველთვის ვიქნები მათ გვერდით და ვიბრძოლებ მათთან ერთად! მიუხედავად იმისა, რომ მე მათი დუმილიც მესმის, უნდა ილაპარაკონ“, – წერს გიორგი კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g