ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი, გუშინ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
სახლში, სადაც ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილი იპოვეს, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ზემო ფონიჭალაში, ბერი ნიკოლოზის(ნარიმანის) საცხოვრებელ სახლთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მრევლი მის საცხოვრებელ სახლში შესვლას ითხოვენ, რის უფლებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ. ადგილზე მრევლსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა იყო.
„საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს მრევლს, რომ მამაო არის მოკლული, არავის არ გვიშვებენ, ძალით გამოგვიყვანეს ადგილიდან“, – ამბობს ბერი ნიკოლოზის ერთ-ერთი მრევლი ჟურნალისტებთან საუბარში.
მრევლის ინფორმაციით, ბერი ნიკოლოზი 9 აპრილის შემდეგ არ უნახავთ და მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
„sos 16.04.2026. დაგვეხმარეთ მამა ნიკოლოზის კურთხევების შესრულების გარეშე, განწირულია დაღუპვისთვის კეთილი სისტემა,“ – წერდა სოციალურ ქსელში გვერდზე „ქრისტე მეფე ნარიმანი“ ერთ-ერთი მრევლის წევრი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
