LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა შალვა კეკელია: „მაშინ 2012 წლის არჩევნები გველოდა… პატრიარქი ამბობს, ყველაფერი დამთავრდა, ერთი ადამიანიც აღარ დაიღუპება… ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ძალიან ბევრი ადამიანი დაიხოცებოდაო, საჯაროდ არ მომიყოლია არსად ეს ისტორია…“

3005
პატრიარქი, მამა შალვა კეკელია

დეკანოზი შალვა კეკელია გადაცემაში „ჩვენ“ 2012 წელს მომხდარ ამბავს და პატრიარქთან საუბარს იხსენებს.

დეკანოზი ამბობს, რომ ეს არის ისტორია, რომელიც არასოდეს, არსად მოუყოლია:

„დავით როსტომაშვილის შვილისთვის უნდა დამეწერა ჯვარი, იერუსალიმში იწერდნენ ჯვარს, როცა მთხოვეს ვუთხარი, რომ პატრიარქს ვკითხავ, თუ დამთანხმდა მაშინ წამოვალთქო. მომცა ნებართვა წასვლაზე, მაშინ სავიზო ნებართვა იყო საჭირო ისრაელთან, ავიღე ვიზა. დრო, საათი გამოყოფილია, რომ ეს მსახურება უნდა ჩავატარო იქ. ორ დღეში უნდა გავფრინდეთ და არა არ წახვალო, მეუბნება უწმინდესი. ვუთხარი, რომ ყველაფერი ჩაიშლება, ჯვრისწერაა, ხალხი გველოდება, თქვენო უწმინდესობავ უნდა წავიდე მეთქი. შენ არ წახვალო მითხრა. დათომ თავადაც დაურეკა მის მეგობრებს, ეპისკოპოსებს – ისინიც ცივი უარით გამოუშვა. მეკითხებოდნენ რა დააშავე ეგეთიო. ძალიან დავიძაბე…

ღამის ლოცვა როცა დამთავრდა უწმინდესმა მითხრა შემოდი ჩემთან კელიაშიო, მითხრა რომ ძალიან მძიმე დღეები გველისო, მაშინ 2012 წლის არჩევნები გველოდა. შენ აქ უნდა იყო ჩვენთან ერთადო, ხვალ ქუთაისში წახვალო. ქუთაისში იყო წმინდა ნაწილები და ის ჩამოაბრძანე ქუთაისიდანო. მიხვალ გაიაშვილთან პირადადო და მას ეტყვი, რომ გამოყოს თვითმფრინავიო და საქართველოს შემოვუაროთ წრეზე, ეს უნდა გავაკეთოთო. სიონიდან გაგვატანა ივერიის ღვთისმშობლის ხატი, წმინდა მოციქულის თავის ქალა, წმინდა ნინოს ჯვარი, დავით გარეჯელის მადლის ქვა, მაცხოვრის ლურსმანი, წმინდა გიორგის მუხლის ნაწილი, წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატი. სიწმინდეები რაც კი გვქონდა ამ თვითმფრინავში აგვატანინა მისმა უწმინდესობამ…

მახსოვს, რომ აფრენიდან ნახევარ საათში დავფრინდით, დაბალზე იფრინოსო უწმინდესმა გვთხოვა, თავად თამაზი დაჯდა გაიაშვილი თვითმფრინავის საჭესთან, მან თავადვე გვატარა, საქართველოს საზღვრებს შემოვუარეთ თავიდან ბოლომდე, ღვთისმშობლის პარაკლისი გადავიხადეთ და რომ მოვედით საპატრიარქოში და შევედით კელიაში, უცებ პატრიარქი ამბობს, ყველაფერი დამთავრდა, ერთი ადამიანიც აღარ დაიღუპება. ისე დამთავრდება ეს ყველაფერი და ისე გადაბარდებაო, რომ ერთი ადამიანიც არ მოკვდებოდაო და ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ძალიან ბევრი ადამიანი დაიხოცებოდაო, საჯაროდ ეს ისტორია არ მომიყოლია არსად ეს ისტორია…“ – იხსენებს მამა შალვა კეკელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g