მანჩესტერში, მოსს საიდი ევაკუირებულია, ტერიტორიაზე სადაც ორშაბათს, კონცერტზე აფეთქება მოხდა, კვლავ პოლიციაა მობილიზებული.
სამართალდამცველები აგრძელებენ აფეთქების გამოძიებას, რომელმაც 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
“ევაკუაცია გამოცხადდა უსაფრთხოების ზომების გამო, რათა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს”, – განაცხადეს სამართალდამცველებმა პრესასთან.
დასვენების დღეებში, პოლიცია განსაკუთრებულად მობილიზებულია. უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება საფეხბურთო თასის ფინალზეც.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრიტანელმა პოლიციელებმა მანჩესტერში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი დააკავეს. მანჩესტერის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, საცხოვრებელ სახლში შესასვლელად სამართალდამცველებს ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება დასჭირდათ. რეიდის შედეგად 22 და 20 წლის ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
მანჩესტერის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩატარებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად ტერორისტულ ქსელში გაწევრიანებული პირების უმრავლესობა დააკავეს. მანჩესტერ არენაზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ, სამართალდამცველებმა ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი სულ 13 პირი დააკავეს, მათგან 11 პატიმრობაში რჩება.
„მანჩესტერ არენაზე“ ამერიკელი პოპ-მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტზე აფეთქება მოხდა, რომელსაც 22 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 60-მდე კი მძიმედ დაშავდა. აფეთქება დარბაზის გარეთ მოხდა, როდესაც ათასობით ადამიანი კონცერტის დასრულების შემდეგ ტერიტორიას ტოვებდა.
მანჩესტერში კონცერტზე მომხდარი სისხლიანი თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა, 59 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
არიანა გრანდემ დღეს განაცხადა, რომ მანჩესტერში კიდევ ერთ კონცერტს გამართავს, შემოსული თანხით კი აფეთების შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება.
თამთა უთურგაშვილი