“მოლოდინი, რომ ინფიცირების შემთხვევები მოიმატებს, მაქვს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დღეები იყო, არც თუ ისე მცირედი იყო ინფიცირების მაჩვენებელი და არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ რაოდენობა იყოს მაღალი,” – ამის შესახებ თერაპევტმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილმა “უსთავი 2”-თან საუბრის დროს განაცხადა.
მან სააღდგომოდ, ეკლესიებში არსებული რეგულაციების დაცვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკლესიებში რეგულაციებს, მეტ-ნაკლებად, იცავდნენ, თუმცა სოციალური დისტანციისა და პირბადის ტარების წესიც ხშირად იყო დარღვეული:
“არაერთ ეკლესიასი ვიყავი, თვითონ საეკლესიო მიდამოში ყველგან, მსახურების მხრიდან ყველაფერი იყო გაკეთებული რეკომენდაციების დაცვისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის არგამოწვავების თვალსაზრისით.
მათ ყველაფერი ჰქონდათ აბსოლუტურად მობილიზებული, მაგრამ, სამწუხაროდ, შეინიშნებოდა სოციალური დისტანციის არდაცვა, ნიღბით იყო ყველა, მაგრამ ნიღბის არასწორი მოხმარებაც ხშირი იყო.
როგორც ვიცით 10-14 დღის შემდგომ შეიძლება დაინფიცირებულთა რიცხვის მატება აღინიშნებოდეს, იმიტომ, რომ არ ვიცით, იქ მყოფ ადამიანებს რაიმე ელემენტარული სიმპტომები ჰქონდათ თუ არა, ამიტომ ეს მოსალოდნელია, თუმცა ისიც მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენი მოსახლეობა ამას გაითვალისწინებს.” – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.
მისივე თქმით, 14 რიცხვამდე უნდა მოხდეს საწოლფონდის და მსგავსი ინვენტარის მობილიზება, რადგან შესაძლოა ინფიცირებულთა მაჩვენებელი გაიზარდოს.
მან ეპიდსიტუაციაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ საკმაოდ დიდია იმ პაციენტთა ნაკადი, რომელიც გადაუდებელ სტაციონარულ დახმარებას საჭიროებს და მომატებულია მძიმე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ხვდებიან.