დიეგო მარადონას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და ახლა თავს კარგად გრძნობს. ლეგენდარული ფეხბურთელის ჯანმრთელობის შესახებ კომენტარი დღეს მისმა ექიმმა ლეოპოლდ ლუკემ გააკეთა.
მარადონა ორშაბათს შეიყვანეს კლინიკაში, სადაც სუბდურალური ჰემატომა, ანუ ტვინის თრომბი დაუდგინდა და გუშინ საჭირო გახდა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა.
როგორც მისმა ექიმმა ჟურნალისტებთან თქვა, ფეხბურთელი ახლა თავს კარგად გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ამ დროისთვის მას თავის ტვინზე გართულებები აღარ აღენიშნება და რეაბილიტაციის პროცესს საავადმყოფოში გაივლის.
სპორტული სამყაროს გამორჩეული ფიგურა, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, მრავალგზის რეკორდსმენი და ჩემპიონი დიეგო მარადონა 30 ოქტომბერს 60 წლის გახდა.