LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარია რესამ, ნობელიანტმა, ჟურნალისტმა, ვისი წიგნიც ხელში ეჭირა მზიას, შეტყობინება გამოუგზავნა და სთხოვა შეეწყვიტა შიმშილობა, არც ამან გაჭრა… შეცვალეთ აღკვეთის ღონისძიება!“ – დათო ქოქოშვილი

127
მზია ამაღლობელი

უკვე მე-18 დღეა, მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელსაც 14 იანვარს პატიმრობა შეუფარდეს, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მზია ამაღლობელი: „ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“

ამ ფონზე არ წყდება კოლეგებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თხოვნა შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მეტიც, ევროკავშირის წარმომადგენლობა და ცალკეული ქვეყნების ელჩები მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად განცხადებებს ავრცელებენ, სადაც დაკავებული ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებითაც გამოდიან.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი: „მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა, მოვუწოდებთ ქართველ მაღალჩინოსნებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ და საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიონ“

ცნობილი ხდება, რომ მზია ამაღლობელს, შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით მიმართა ნობელის პრემიის ლაურეატმა, ჟურნალისტმა მარია რესამაც, რომლის წიგნი – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“, მზია ამაღლობელს სასამართლო პროცესზე ხელში ეკავა. ამის შესახებ ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ ერთ-ერთი რედაქტორი, დათო ქოქოშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მეც ძალიან მინდა, რომ მზია ამაღლობელმა შეწყვიტოს შიმშილობა, უბრალოდ, დედამიწაზე ახლა არ მეგულება ადამიანი ვინც მას გადაარწმუნებს.

მისმა კოლეგებმა, მეგობრებმა, მხარდამჭერებმა, თანამშრომლებმა არაერთგზის მივმართეთ ამ თხოვნით: წერილობით, სატელევიზიო ეთერებით, იყო დამუნათებებიც, რომ მაშინ სხვებიც დაიწყებდნენ შიმშილობს.

არაფერმა გაჭრა.

მეტსაც გეტყვით, მარია რესამ, ნობელიანტმა, ჟურნალისტმა, ვისი წიგნიც ხელში ეჭირა მზიას, შეტყობინება გამოუგზავნა და სთხოვა შეეწყვიტა შიმშილობა.

არც ამან გაჭრა.

მისი წინასწარი პატიმრობის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ამიტომ, პროკურატურას ერთ საათში შეუძლია ამ დაანონსებული სიკვდილის ქრონიკის გაჩერება. შევიდეს სასამართლოში აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობით.

მზია არსად აპირებს გაქცევას, პირიქით მის ინტერესშია, რომ ყველა დეტალი გაირკვეს დგებუაძესთან ინციდენტის. მათ შორის ისიც, რაც მანამდე მოხდა და მერეც – განყოფილებაში. თუ მაინც ეშინიათ, რომ გაიქცევა, ჩამოართვან პასპორტი.

მზია რეციდივისტი არ არის და ახალ „დანაშაულს“ ვერ ჩაიდენს. არც ისაა სისხლის სამართლის დანაშაული, რასაც ედავებიან და რაც ვიდეოში ჩანს. ამას არაერთი ნეიტრალური იურისტი ამბობს, რომლებიც საერთოდ არ იცნობენ მზიას და ზოგიერთი მათგანი წარსულში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას, მზიას დაფუძნებულ მედიებს ხშირად უკრიტიკებიათ. მადლობა მათ, რომ კრიტიკას კრიტიკად და დემოკრატიულ პროცესად აფასებენ და არა მტრობად.

მზია ვერ გაანადგურებს ვერანაირ „მტკიცებულებას“. რომც უნდოდეს, რანაირად გაანადგურებს, ვიდეოს, რომელსაც ყველა ტროლი და ბოტი კედელ-კედელ დაატარებს, ან დგებუაძეს რანაირად გადაათქმევინებს ჩვენებას, სადაც ის ამბობს, რომ მზიასგან არასამუშაო (!), მარცხენა ხელით გალაწუნებული სილა ისე ეტკინა, რომ 7 წლამდე ციხეში უნდა გაუშვას ქალი მედიამენეჯერი.

საერთოდ არაფერს ნიშნავს, რომ ის ამჟამად მხნედ გამოიყურება. მზიას ეგეთი ხასიათი აქვს, რომ სანამ არ წაიქცევა, არ დაიწუწუნებს, არ იტყვის, რომ ცუდადაა და ფეხზე იდგება!

შეცვალეთ აღკვეთის ღონისძიება!“. – წერს დათო ქოქოშვილი სოციალურ ქსელში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა: ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის

მეც ძალიან მინდა, რომ მზია ამაღლობელმა შეწყვიტოს შიმშილობა, უბრალოდ, დედამიწაზე ახლა არ მეგულება ადამიანი ვინც მას…

Posted by Dato Qoqoshvili on ოთხშაბათი, 29 იანვარი, 2025

ცნობისათვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ფოტო სლაიდზე: „ბათუმელები“; გელა მთივლიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g