LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიტა როხვაძე: „არ ვასახელებ არც დაოჯახების თარიღს და არც სხვა რამეს… შეიძლება, ადამიანთან ბედნიერად ცხოვრობდე და არ გადაიხადო შვიდასკაციანი ქორწილი…“

657
მარიტა როხვაძე

მარიტა როხვაძეს უკვე დაეწყო წინასაახალწლო სამზადისი და გადარბენა, მაგრამ როგორც მომღერალს, ეს პერიოდი ყველაზე მეტად უყვარს. მალე მისი ახალი სიმღერაც გამოვა. მარიტა აქტიურად მუშაობს ბენდთან ერთად და ასევე რესტორანშიც მღერის ხშირად.

მომღერალი ბოლო წლებში პირად ცხოვრებაზე საუბარს გაურბის და ამბობს, რომ ზოგ ადამიანს სხვისი პირადი ბედნიერება არ ახარებს…

საუბარი fortuna.ge-სთვის დავიწყეთ შემოქმედებითა და სიახლეებით, რომლებიც მომღერალს ამჟამად აქვს.

მარიტა, რა ხდება შენს შემოქმედებით ცხოვრებაში?

ჩემს ბენდთან, „ქვევრში“ მუდმივად მაქვს კონცერტები. ასევე ვაკეთებ ახალ სიმღერას ლაზარე ადამიასთან ერთად. ვფიქრობ, უკვე მალე უნდა დავასრულოთ მუშაობა. მუსიკიდან გამომდინარე, შეიძლება, ტექსტი ჩემი იყოს, ქართულის და ინგლისურის შემთხვევაშიც.

ასევე დაიწყო წინასაახალწლო პერიოდი, გადარბენები, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს პერიოდი.

სულ მუშაობ და არასდროს იღლები შენი საქმით…

ჩემი საყვარელი საქმეა ბავშვობიდან. ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრება მინდოდა ვყოფილიყავი ის, რაც ვარ დღეს.

ყველა ოცნება აისრულე?

იყო ბევრი შემოთავაზება და ახლაც შეიძლება სადმე წასვლა და კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ საქართველო ძალიან მიყვარს, აქ არ მაკლია არც ხალხის სიყვარული, არც საქმე, არც აპლოდისმენტები, ასე რომ…

ბევრი მომღერალი საჯაროდ ამბობს, რომ რესტორანში გამოსვლა არ სურს… შენთვის ეს პრობლემა არ არის. რას ეტყოდი ამ მომღერლებს?

არის დღეს ვინმე, ვინც იტყვის, რომ რესტორანში არ მღერის? შესაძლოა, ყოველდღე არ მღეროდნენ, მაგრამ ასე მეც არ გამოვდივარ სულ რადგან ყელი არ გადავღალო. დიდ რესტორნებში სცენაც კარგია და აპარატურაც. „ქვევრს“, სადაც მე ვმუშაობ, იმხელა სცენა აქვს, განათება და აპარატურა, ერთი ფილარმონიაში დაამონტაჟა გენამ და მეორე – ამ რესტორანში. მომღერლებს რესტორნებში ისეთ პირობებს უქმნიან, რატომაც არა. ადამიანებს თუ უყვართ კონკრეტული შემსრულებელი, რატომაც არ უნდა ჰქონდეთ მისი მოსმენის საშუალება რესტორანში? როცა სცენაზე ხარ, ხალხი მოდის და ცეკვავს სცენის წინ, ისე არ ხდება, რომ ამ დროს მიირთმევდნენ..

პოპულარულ გოგონებს აქვთ სასიამოვნო მომენტები და უსიამოვნოც თაყვანისმცემლებთან. შენთან როგორაა?

მწერენ, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ არ მომწონს, რასაც მწერენ, არასდროს ვცემ პასუხს.

ინტერნეტით ვინმე გაგიცნია?

არასდროს. არც ბავშვობაში, არც თინეიჯერობაში და არც ახლა.

ასეთი კომპლექსი თუ გქონია, რომ როცა მამაკაცი სიმპათიას გამოხატავს, შენ მოეწონო და არა შენი პოპულარობა?

ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ საერთოდ არ იცოდა ადამიანმა, ვინ ვიყავი და ეს უფრო მომეწონა. რამდენად საინტერესოდ ლაპარაკობს ჩემთან, ეს არის ჩემთვის პირველ რიგში, მნიშვნელოვანი. მისი საუბრიდან ვხვდები, რა მიზანი ამოძრავებს ჩემთან ურთიერთობაში.

ბოლო წლებში გადაწყვიტე, რომ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არაფერს ილაპარაკებდი. რამ განაპირობა შენი ამგვარი გადაწყვეტილება?

უფრო მშვიდად ვარ. სიმშვიდეში ვარ, როცა პირადზე არ ვლაპარაკობ. კომფორტულად ვგრძნობ თავს. საკუთარ მაგალითზე ვამბობ ამას – ძალიან ცუდი პერიოდი გამომატარა საზოგადოებამ. არიან ადამიანები, ვისაც შენი პირადი ბედნიერება არ უხარია. „სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსა“… საჯაროდ გამოვიდე და მოვყვე პირადი ურთიერთობების შესახებ, ამის სურვილი აღარ მაქვს.

როგორც ყველა პოპულარულ გოგონას, თუ გეკითხებიან, როდის თხოვდები და რა რეაქცია გაქვს?

პირველ რიგში, დედაჩემი მეკითხება, როდის თხოვდებიო, აბა, დედა, ახლა უკვე პატარა არ ხარო, მეცინება ხოლმე და დედასაც ვეუბნები ხოლმე, ვინმე თუ გკითხავს, უთხარი, რომ ეს მხოლოდ ჩემი საქმეა-მეთქი (იცინის). არ ვასახელებ არც დაოჯახების თარიღს და არც სხვა რამეს. როგორც ვარ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. შეიძლება, ადამიანთან ბედნიერად ცხოვრობდე და არ გადაიხადო შვიდასკაციანი ქორწილი, ჯვრისწერა და ხელისმოწერა არ გააკეთო. როგორც გრძნობ თავს ბედნიერად, ისე უნდა იცხოვრო…

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები