ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, რომელზედაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. შეხვედრას ხელმძღვანელობს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „საქართველოს მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული“.
„განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს, საქართველოს მოსახლეობამ ბოლო სამ არჩევნებში, მიმდინარე საპროტესტო აქციებში აჩვენა, ასევე გამოკითხვებიც აჩვენებს, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ არა მთავრობას. როგორც ჩანს, მათი მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული. ოპონენტები, როგორც იცით, დაპატიმრებულები არიან, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხმას კი ახშობენ“, – აღნიშნა ევროკომისარმა.
მისი თქმით, ქვეყანაში ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლებაში მყოფი პირები უწყობენ ხელს.
„ამიტომ, ვგმობთ ამ ცრუ ნარატივებს და ვგმობთ ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ჩვენს წევრ სახელმწიფოებზე. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი“, – აღნიშნა მარტა კოსმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განახილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიას, მოლდოვას, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ევროკავშირთან ურთიერთობას და სუდანში არსებული ვითარებასაც. არსებული ინფორმაციით, შეხვედრის ბოლოს გაიმართება პრესკონფერენციაც, რომელიც თბილისის დროით, 16:45 საათზეა ჩანიშნული.