ევროპული სტანდარტის, ორსართულიანი მატარებლები საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება. „საქართველოს რკინიგზა“ უახლოეს პერიოდში, Stadler -ის კიდევ 2 მატარებელს მიიღებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, მატარებლების აწყობა უკვე დასრულდა და ისინი საქართველოში თებერვლის ბოლოს ჩამოვა.
”ვაგრძელებთ საქართველოს რკინიგზის განვითარების პროექტს, რომლის ფარგლებშიც მატარებლების განახლება-გადახალისება მიმდინარეობს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Stadler -ის კიდევ 2 ახალი მატარებლის შემოყვანა, რომლებიც ბათუმის მიმართულებაზე ივლიან. თავდაპირველად ჩამოსული მატარებლები გაივლიან სატესტო გარბენებს და მას შემდეგ, რაც ტესტირების პროცესი დასრულდება, ექსპლუატაციაში შევლენ”, – აღნიშნა ცაგურიამ.
მისივე ინფორმაციით, ახალი მატარებლების რეისზე გაშვება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. როგორც რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი განმარტავს, Stadler -ის მატარებლებით ეტაპობრივად ჩანაცვლდება ყველა ის მატარებელი, რომელიც ამდროისთვის ბათუმის მიმართულებით დადის.
”ამ რეისზე არსებული სხვა ბრენდის ახალი და კონფორტული მატარებლები კი, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა ჯერ კიდევ აქვთ, სხვადასხვა რეგიონების მიმართულებებზე გადანაწილდება. ამით მატარებლების შემადგენლობა სრულად გადახალისდება და ჩვენმი მოქალაქეები უფრო კონფორტულად მგზავრობას შეძლებენ”, – აღნიშნა ცაგურიამ.
შეგახსენებთ, ორსართულიანი ევროპული სტანდარტის Stadler Kiss ოთხი ახალი მოდელის ელექტრომატარებლები სს “საქართველოს რკინიგზამ” კომპანია “Stadler Bussnang AG”-გან შეიძინა. ორი მატარებელი კომპანიამ გასული წლის ზაფხულში მიიღო, რომლებიც თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს ემსახურება.
Stadler Kiss მოდელის მატარებელი ევროპის ყველაზე მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აღნიშნული მოდელის მატარებელი შვეიცარიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში კურსირებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Stadler Kiss მოდელის მატარებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზეა გათვლილი. მათთვის მატარებელში არის ლიფტები და სველი წერტილები. გარდა ამისა, საპირფარეშოში ჩვილ ბავშვთა მოვლისათვის საჭირო სპეციალური მაგიდაა განთავსებული.