Mazda-მ დააანონსა, რომ 2030 წლამდე რამდენიმე ახალი ელექტრომობილის პრემიერას გეგმავს. პრიორიტეტი მიენიჭება ჰიბრიდულ და სრულად ელექტრო მოდელებს, ძირითადად კროსოვერებს. რაც შეეხება უკვე არსებულ მოდელებს, მათი განახლება 2030 წლის შემდეგ იგეგმება.
ერთ-ერთი ელექტრიფიცირებული სიახლე იქნება CX-5-ის ჰიბრიდული ვერსია, რომლის დებიუტი 2027 წელსაა დაგეგმილი.
მნიშვნელოვანია, რომ ეს მოდელი, განსხვავებით ზოგიერთი სხვა ჰიბრიდისგან, რომელიც Toyota-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, სრულად Mazda-ს მიერ არის დაპროექტებული. ჰიბრიდული სისტემა დაფუძნებულია ბრენდის 2.5-ლიტრიან Skyactiv-G ბენზინის ძრავზე და მთლიანად Mazda-ს ინჟინრების მიერაა შექმნილი.
ბრენდი აპირებს, რომ ელექტრული ლიფტბექი EZ-6 და კროსოვერი EZ-60, რომლებიც თავდაპირველად ჩინურ Changan-სთან თანამშრომლობით მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვის შეიქმნა, გლობალურ ბაზრებზეც გამოუშვას.
2027 წელს ასევე უნდა გამოვიდეს Mazda-ს მიერ სრულად დამოუკიდებლად შექმნილი პირველი ელექტრომობილიც.
ამავე წელს, 2027-ში, ბაზარზე უნდა გამოჩნდეს Iconic SP ჰიბრიდული კონცეპტის სერიული ვერსია — ეს მოდელი აღჭურვილი იქნება ბენზინ ელექტრული სისტემით და განიხილება, როგორც ლეგენდარული RX-7-ის მემკვიდრე.
რაც შეეხება Mazda MX-5-ს, კომპანიის თქმით, მისი შემდეგი თაობაც შეინარჩუნებს შიდა წვის ძრავას და განახლება 2029 წელსაა დაგეგმილი.

