აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი სტიქიის შედეგად ალავერდის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მდგომარეობა საგანგებოა.
„დილით დღის შუქზე მონასტრის დათვალიერების შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მდგომარეობა არის საგანგებო. მონასტრის არც ერთი სახურავი არ არის გადარჩენილი. ყველა დაზიანებულია.
სიტუაცია სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ, რადგან ქარბორბალას დარტყმა ძალიან დიდი იყო. სხვა დანარჩენი, ინფრასტრუქტურა და მონასტრის შიგნით თუ რაიმე იყო, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, იავარქმნილია. ეს ეხება მონასტრის ყველა შენობა – ნაგებობას“, – ამბობს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი.
ცნობისთვის, 25 ივნისს კახეთში ძლიერმა ქარმა ავტომობილები, ხეები და ალავერდის მონასტრის გუმბათი დააზიანა. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
სტიქიის შედეგად ალავერდის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების შესახებ განცხადება გაავრცელა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.
„სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ქარბორბალა კახეთში – განადგურებულია ავტომობილები, ხეები, დაზიანებულია ალავერდის მონასტრის გუმბათი