LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდიდარი პომპეელების რაციონში შედიოდა ღორისა და ცხვრის ხორცი, ხოლო ღარიბების – ლობსტერები და კრევეტები

205
image

რამდენიმე იტალიური და საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა მეცნიერულმა კვლევამ, რომლის შედეგებიც ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა, გაარკვია, თუ რას ჭამდა პომპეის მოსახლეობა.

აღმოჩნდა, რომ მათი ყოველდღიური მენიუს მთავარი ნაწილი მარცვლეულსა და პარკოსნებს ეკავათ – ხორბალი, ქერი, ლობიო და ოსპი. ნაკლებად შეძლებული მოქალაქეები ხშირად მიირთმევდნენ ფეტვს – ის იაფი იყო და დიდხანს ინახებოდა. პროდუქტები, რომლებიც მცენარეულ ცილებს შეიცავს, ყოველდღიური კალორიების დაახლოებით 70%-ს შეადგენდა.

ვეზუვის ფერდობებზე მოჰყავდათ ოთხი ჯიში ყურძენი, ასევე ლეღვი, ნიგოზი და ფინიკი.
მდიდარი პომპეელების მენიუში შედიოდა ხორცი – ღორის, ცხვრისა და თხის, ხოლო ღარიბების საკვებად ძირითადად თევზი და ზღვის პროდუქტები მიიჩნეოდა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში უხვად მოიპოვებოდა. ყველაზე ხშირად ღარიბების სუფრაზე ჩნდებოდა ლობსტერი, კრევეტები, თინუსი და გველთევზა.

მეცნიერებმა შეისწავლეს ორგანული და ბიოლოგიური ნარჩენების მრავალფეროვანი ნიმუშები, რომლებიც შესანიშნავად იყო შენარჩუნებული 79 წლის ვულკანური ამოფრქვევის წყალობით. მათ გამოიყენეს თანამედროვე კვლევის მეთოდები – კერძოდ, ნახშირბადის და აზოტის სტაბილური იზოტოპების ანალიზი, რათა ზუსტად აღედგინათ პომპეელთა კვების რეჟიმი, აგრეთვე იმ დროის მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის თავისებურებები.

იზოტოპურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ამ მხარეში ფართოდ იყო გავრცელებული ფერმენტირებული თევზის სოუსი. პომპეელებს ასევე უყვარდათ პიკანტური სანელებელი სახელად „ლიკვამენი“, რომელიც მზადდებოდა თევზის შინაგანი ორგანოებისგან, კვერცხისა და სხვადასხვა ბალახის ნაზავისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები